ევროპის მასშტაბით ბომბის არსებობის შესახებ გავრცელებულმა ცრუ შეტყობინებებმა სულ მცირე 27 ავიარეისის შეფერხება გამოიწვია. ინციდენტები ირლანდიიდან ბულგარეთამდე დაფიქსირდა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცეელბს.
საფრთხის შესახებ შეტყობინებების გამო რამდენიმე თვითმფრინავს დაუგეგმავი დაშვება მოუწია, ზოგიერთ ავიარეისს კი სამხედრო გამანადგურებლები აცილებდნენ ან საჰაერო სივრცეში აკონტროლებდნენ.
შეფერხებები შეეხო ავიაკომპანიებს: Aer Lingus, Wizz Air, LOT, Finnair, EasyJet და Iberia. დაზარალებულ მიმართულებებს შორისაა პარიზი, რომი, პრაღა, ბრიუსელი და მილანი.
ეს მიმდინარე კვირაში მსგავსი ინციდენტების მეორე ტალღაა. სამშაბათს ბომბის შესახებ მუქარის შემცველი შეტყობინებები შვიდ თვითმფრინავსა და ერთ საკრუიზო გემთან დაკავშირებით გავრცელდა.
ამ ეტაპზე მომხდარზე პასუხისმგებლობა ოფიციალურად არავისთვის დაუკისრებიათ. თუმცა, ინციდენტები ვითარდება იმ ფონზე, როდესაც ევროპის არაერთი ქვეყნის წარმომადგენელი რუსეთს დივერსიული ოპერაციებისა და ე.წ. ჰიბრიდული თავდასხმების ორგანიზებაში ადანაშაულებს. მოსკოვი მსგავს ბრალდებებს უარყოფს.
