საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას აფერხებს და დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური ღირებულებების შესუსტებას იწვევს.
ამის შესახებ ელჩმა ევროკავშირის გაფართოების 2026 წლის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა.
ჰერჩინსკის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების სურვილს ოფიციალურად კვლავ გამოხატავს, მისი ქმედებები და ანტიევროპული რიტორიკა ამ მიზანს ეწინააღმდეგება.
„საქართველოს მმართველი პარტია აგრძელებს საქართველოს ევროკავშირის გზის შესუსტებას, იერიში მიაქვს დემოკრატიულ პრინციპებზე, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ ღირებულებებზე“, — განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, ქვეყანაში სულ უფრო იზღუდება სამოქალაქო სივრცე, რასაც ხელს უწყობს გამკაცრებული კანონმდებლობა და ხელისუფლების მიერ გავრცელებული ანტიევროპული და მანიპულაციური ნარატივები.
ევროკავშირის ელჩმა ყურადღება გაამახვილა გაფართოების პროცესში კანდიდატ ქვეყნებს შორის არსებულ განსხვავებებზეც. მისი განცხადებით, ზოგიერთი სახელმწიფო ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს, მაშინ როდესაც სხვებში პროცესი შენელებულია ან უკუსვლა შეინიშნება.
„საქართველო, სამწუხაროდ, ევროკავშირის კანდიდატად მხოლოდ სახელით რჩება“, — აღნიშნა ჰერჩინსკიმ.
ელჩის შეფასებით, ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა პოლიტიკურ ნებას, დემოკრატიული რეფორმების განხორციელებასა და ევროპული ღირებულებების დაცვას ენიჭება.
