ესპანეთის კანარის კუნძულებთან ატლანტის ოკეანეში მიგრანტების გადაყვანისას, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაიღუპა. სამაშველო სამსახურებმა ორშაბათს 380-ზე მეტი მიგრანტის გადარჩენა შეძლეს.
ესპანეთის საზღვაო სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ორი გარდაცვლილის ცხედარი იმ ნავში აღმოაჩინეს, რომელშიც 132 ადამიანი იმყოფებოდა. ნავი კუნძულ ლანზაროტედან დაახლოებით 150 კილომეტრში გადაარჩინეს. უწყების ცნობით, მოგზაურობის დროს კიდევ ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათი ცხედრები კი ზღვაში გადააგდეს.
იმავე დღეს სანაპირო დაცვის ჯგუფებმა ლანზაროტესა და ელ-იეროს კუნძულებთან კიდევ დაახლოებით 250 მიგრანტი გადაარჩინეს. ერთი დღით ადრე, კვირას, ელ-იეროს სანაპიროსთან 107 ადამიანის გადარჩენა გახდა საჭირო.
კანარის კუნძულების პრეზიდენტმა ფერნანდო კლავიხომ მომხდარს ატლანტის მარშრუტის კიდევ ერთი ტრაგიკული შედეგი უწოდა.
დასავლეთ აფრიკიდან კანარის კუნძულების მიმართულებით მიმავალი საზღვაო მარშრუტი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახიფათოდ მიიჩნევა. მიგრანტები ხშირად გადატვირთული ნავებით, ძლიერი დინებებისა და რთული ამინდის პირობებში ცდილობენ ესპანეთის ტერიტორიამდე მიღწევას.
წყარო: Reutees
ავტორი: თიკო(თინათინ) შუშანაშვილი
