მთავარიმსოფლიოშვეიცარიაში საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა — შეტაკებები ციურიხსა და ბაზელში

შვეიცარიაში საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა — შეტაკებები ციურიხსა და ბაზელში

შვეიცარიის ქალაქებში, ციურიხსა და ბაზელში, 31 ოქტომბრის ღამეს გამართული საპროტესტო აქციები არეულობითა და პოლიციასთან დაპირისპირებით დასრულდა. დემონსტრაციების დროს დაიწვა ბარიკადები და ავტომობილი, დაზიანდა სხვადასხვა ობიექტი, სამართალდამცველებმა კი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.

ციურიხში, ლანგშტრასესა და ჰელვეტიაპლაცის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტების ნაწილს ჰელოუინის ნიღბები ეკეთა. არასანქცირებული აქციის მონაწილეებმა ნაგვის კონტეინერების, ელექტროსკუტერებისა და სხვა ნივთების გამოყენებით ბარიკადები აღმართეს, რომლებსაც მოგვიანებით ცეცხლი წაუკიდეს. ასევე დაიწვა ავტომობილი და დაზიანდა რამდენიმე სავაჭრო ობიექტის ვიტრინა.

ციურიხის პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებს დემონსტრანტები ფეიერვერკებს, ქვებსა და ბოთლებს ესროდნენ. შეტაკებების დროს პოლიციამ წყლის ჭავლი, ცრემლსადენი ნივთიერება და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაფიქსირდა პოლიციის საპატრულო ეკიპაჟზე თავდასხმის შემთხვევაც. ვითარება ღამის დაახლოებით 01:30 საათისთვის შედარებით დასტაბილურდა.

არეულობა მოხდა ბაზელშიც. ბაზელ-შტადტის კანტონის პოლიციის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში გამართულ არასანქცირებულ დემონსტრაციაში დაახლოებით 150 ადამიანი მონაწილეობდა.

აქცია თავდაპირველად მშვიდობიანად მიმდინარეობდა. მსვლელობა ქალაქის ცენტრიდან დაიწყო და რამდენიმე ქუჩის გავლით სენტ-იოჰანსპლაცის მიმართულებით გაგრძელდა. მოგვიანებით დემონსტრანტებმა სხვადასხვა ნივთისგან ბარიკადები აღმართეს და ცეცხლი წაუკიდეს, რის შემდეგაც პოლიცია ჩაერია. ცეცხლმოკიდებული ბარიკადები მეხანძრეებმა ჩააქრეს.

პოლიციის ცნობით, მსვლელობის მარშრუტზე ქონების დაზიანების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. უსაფრთხოების მიზნით, დროებით შეჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, შეფერხდა კერძო ავტომობილების გადაადგილებაც.

ორივე ქალაქში მომხდარი დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას შვეიცარიული მედია ავრცელებს.

პოპულარული სიახლეები