მთავარიინტერვიუ„მკვლელობა, ომი და ახალი ვირუსი“ - რას წინასწარმეტყველებს ქართველი მედიუმი?

„მკვლელობა, ომი და ახალი ვირუსი“ – რას წინასწარმეტყველებს ქართველი მედიუმი?

შესაძლებელია თუ არა მომავლის დანახვა? არსებობს თუ არა ბედისწერა, რომლის შეცვლაც ადამიანს არ შეუძლია, და სად გადის ზღვარი რეალობასა და მისტიკას შორის?

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი ქართველი მედიუმი და ეზოთერიკოსი ხოსე დეივ კორტეზია, რომელიც ამჟამად ავსტრიაში ცხოვრობს. ის ამობს, რომ მომავლის დანახვის უნარი ბავშვობიდან აქვს და არაერთი ტრაგიკული მოვლენა წინასწარ იხილა.

ბავშვობაში განცდილი ბულინგი, ოჯახიდან მიღებული მისტიკური მემკვიდრეობა, აუხსნელი ხილვები და წინასწარმეტყველებები – ეს მისი ცხოვრების მხოლოდ ნაწილია.

ინტერვიუში დეივი პირველად არაერთ პირად ისტორიას გვიზიარებს და საქართველოს მომავალზეც საუბრობს. მისი პროგნოზები საკმაოდ მძიმე და შემაშფოთებელია. პოლიტიკური მკვლელობა, შესაძლო სახელმწიფო გადატრიალება, ახალი ვირუსი და საერთაშორისო კონფლიქტები — ეს იმ მოვლენების ნაწილია, რომლებსაც ის მომდევნო წლებში წინასწარმეტყველებს.

News+ –ი გთავაზობთ ინტერვიუს, რომელშიც მისტიკა, პირადი ტრაგედიები და მომავლის შესახებ თამამი პროგნოზები ერთმანეთს ერწყმის.

– მოდით, გაეცანით ჩვენს მკითხველს. ვინ არის სინამდვილეში დეივიდი და პირველად როგორ აღმოაჩინეთ ის შესაძლებლობები, რომლებიც დღეს გაქვთ?

– მე ვარ ხოსე დეივ კორტეზი, მედიუმ-პორტალი. პირველად გარკვეული სილუეტები ნათლად 13 წლის ასაკში დავინახე. თუმცა მანამდეც, დაახლოებით მეცხრე კლასამდე, დედის გვერდით მეძინა, რადგან მუდმივად რაღაცებს ვხედავდი, მეშინოდა და მარტო დარჩენას ვერ ვახერხებდი. ზოგადად, ამ თემაზე საუბარი არ მიყვარს, რადგან ჩემს 13 წლის ასაკს ისეთი მოვლენები უკავშირდება, რომლებზეც ხმამაღლა საუბარი არ მსურს.

– ხოსე დეივ კორტეზი თქვენი ფსევდონიმია?

– დედა ქართველი მყავს, მამა კი ესპანელი. ნახევრად ბოშა ვარ. ამ სახელსა და გვარს თავისი ისტორია აქვს, თუმცა იმის ასახსნელად, თუ რატომ მქვია ასე, ჩემს დაბადებამდე უნდა დავბრუნდეთ. მე ტყუპისცალი ვარ და დედას მშობიარობის ეშინოდა. ჩვენს სოფელში წმინდა გიორგის პატარა ეკლესიაა. დედამ გადაწყვიტა, რომ თუ მშვიდობით იმშობიარებდა, წმინდა გიორგის პატივსაცემად გიორგი დაერქმია ჩემთვის.

თუმცა ამ სახელს ბავშვობიდან არ ვიყენებ, რადგან მიმაჩნია, რომ წმინდანის მსგავსად ცხოვრებას ვერ შევძლებ. სწორედ ამიტომ ამ სახელის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება მაქვს. ჩემს ცხოვრებაში სხვა ისტორიებიც იყო, რის გამოც მოგვიანებით საზოგადოებამ სხვა სახელითა და გვარით გამიცნო.

– პირველი შემთხვევიდან რა გახსენდებათ? რა დაინახეთ ისეთი, რომლის ახსნაც ლოგიკურად ვერ შეძელით და რამაც თქვენზე განსაკუთრებული კვალი დატოვა?

– პირველად შვიდი წლის ვიყავი, როდესაც ბებიის გარდაცვალება ვიწინასწარმეტყველე. ეს იყო შემთხვევა, რომელიც დღემდე მკაფიოდ მახსოვს. ბებია იმ პერიოდში ლოგინად იყო ჩავარდნილი. ერთ ღამეს სიზმარში ბაბუა ვნახე, რომელმაც მითხრა, რომ დილის 3 საათსა და 15 წუთზე, კონკრეტული მანქანით, ბებია უნდა წაეყვანა. ისიც მითხრა, რომ ამის შესახებ დედა უნდა გამეფრთხილებინა.

დილა რომ გათენდა, ოჯახის წევრებს სიზმრის მოყოლა დავუწყე. ვცდილობდი ამეხსნა, რა ვნახე და რა მითხრა ბაბუამ, თუმცა დედამ და დეიდამ არ დამიჯერეს. ალბათ, მათთვის წარმოუდგენელი იყო, რომ შვიდი წლის ბავშვს ასეთი რამ შეიძლებოდა სცოდნოდა. მე კი იმდენად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რაც სიზმარში ვნახე, რომ ეს ამბავი მთელ უბანს მოვდე. ყველას ვეუბნებოდი, რომ ბაბუას იმ დღეს ბებია იმქვეყნად უნდა წაეყვანა.

მხოლოდ ერთმა ადამიანმა დამიჯერა. ეს იყო დედაჩემის მეჯვარის დედა, ქალბატონი თინა. მახსოვს, როგორ ეუბნებოდა ოჯახის წევრებს: „დაუჯერეთ ამ ბავშვს!“ ის ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც ჩემს სიტყვებს სერიოზულად მოეკიდა.

და მოხდა ის, რაც სიზმარში ვნახე. ზუსტად დილის 3 საათსა და 15 წუთზე ბებია გარდაიცვალა. ყველაზე უჩვეულო კი ის იყო, რომ იმ მომენტში დავინახე, როგორ ამოვიდა მისი სხეულიდან სული.

ბებიის გასვენების ღამეს კიდევ ერთი უცნაური ხილვა მქონდა. დავინახე, თითქოს ბებიას ჩემი რვა წლის ბიძაშვილი მიჰყავდა. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი, თუმცა სამი თვის შემდეგ ისეთი რამ მოხდა, რაც დღემდე მკაფიოდ მახსოვს.

ბებიის დაკრძალვიდან სამი თვის შემდეგ სიზმარში ჩემი ბიძაშვილი, ლევანი ვნახე. თითქოს უზარმაზარ, ბნელ გვირაბში ვიყავით. გვირაბის გასწვრივ, აქეთ-იქით, ხეები იყო გადებული. ჩვენ ამ ხეებზე ფეხებს ვადგამდით და ასე მივიწევდით სიღრმისკენ. ლევანი წინ მიდიოდა, მე კი უკან მივყვებოდი და გამუდმებით ვაფრთხილებდი, რომ ფრთხილად ყოფილიყო.

მოულოდნელად ლევანი წყალში ჩავარდა. დავინახე, როგორ ამოყო ხელი წყლიდან, დამიქნია და შემდეგ გაუჩინარდა. ვეღარსად ვპოულობდი. ირგვლივ საშინელი სიბნელე იყო.

მეორე დილით ჩემი დეიდაშვილი ჩამოვიდა და დედაჩემს უთხრა, რომ ლევანიმ თავი დაარტყა და კლინიკაში იმყოფებოდა. მანქანაში ჩაგვსვა და მუსიკა ჩართო. სწორედ ამ დროს დედას ვუთხარი: „დედა, ლევანი მკვდარია. ის აუზში დაიხრჩო და ახლა გატყუებენ-მეთქი“.

ჩემი სიტყვები იმდენად წარმოუდგენელი აღმოჩნდა, რომ დეიდაშვილმა სახეშიც კი ოდნავ გამარტყა და მითხრა: „რა სისულელეს ამბობო!“. თუმცა, როდესაც ადგილზე მივედით, გაირკვა, რომ ლევანი მართლაც აუზში დამხრჩვალიყო.

ყველაზე შემზარავი ჩემთვის ის იყო, რომ ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც სიზმარში ვნახე. ჯერ ბებიის გასვენების ღამეს დავინახე, თითქოს მას ლევანი მიჰყავდა, სამი თვის შემდეგ კი სიზმარში მისი დაკარგვა ვიხილე. მაშინ ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი და ამ ყველაფრის ახსნა არ შემეძლო. — ბავშვობიდან ძალიან დიდი ბულინგის მსხვერპლი ვიყავი, როგორც მასწავლებლების, ისე მოსწავლეების მხრიდან.

— რატომ, თქვენი განსხვავებულობის გამო?

— განსხვავებულობის გამოც. ასევე, სწავლით დიდად არ გამოვირჩეოდი, თუმცა დიდი კულტურით გამოვირჩეოდი. ყოველთვის თქვენობით ვსაუბრობდი. ამასთან, ბიჭებთან ერთად სიგარეტს არ ვეწეოდი და ამის გამოც მათთვის განსხვავებული ვიყავი. ვიზუალურადაც განვსხვავდებოდი. ხან რა სახელს მეძახდნენ, ხან — რას. მოხდა ისე, რომ ძალიან ბევრმა ბავშვმა ჩემზე ფიზიკურად იძალადა. იყო თმის გაპარსვის შემთხვევაც და ბევრი სხვა რამ.

— და ამაზე მასწავლებლებს რა რეაქცია ჰქონდათ?

— იცით, მასწავლებელმა რა მითხრა? „ზოგადად, ქალები ითმენენ ძალადობას, შენ ხომ გოგო ხარ და შენც უნდა მოითმინოო“. ერთი დიდი ბიჭი იყო, რომელიც ძალიან მჩაგრავდა ხოლმე. ამის გამო, ერთხელაც გაბრაზებული რომ დავბრუნდი სახლში, რაღაცები გავაკეთე, რასაც, რა თქმა უნდა, კარგი შედეგები არ მოჰყოლია. ამაზე ახლა საუბარი ნამდვილად არ მინდა.

— დეივი, ამბობენ, რომ მედიუმის შესაძლებლობები ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება. თქვენს შემთხვევაში ეს ნიჭი თანდაყოლილია თუ დროთა განმავლობაში განგივითარდათ?

— ეს გენეტიკურია, რადგან როგორც დედის, ისე მამის მხრიდან ასეთი ადამიანები მყავდნენ. თუმცა, დედის მხრიდან უფრო მეტად. მაგალითად, ბებიაჩემი სონა არავის და არაფერს ინდობდა. ყველას ჯადოს უკეთებდა და რასაც ამბობდა, ყველაფერი სრულდებოდა.

როცა დედა 17 წლის იყო, ბებიამ უთხრა, რომ წესით, სხვა ადამიანს უნდა გაჰყოლოდა ცოლად. ისიც უთხრა, რამდენი შვილი ეყოლებოდა და რომ ერთ-ერთი შვილი ამ გზას გააგრძელებდა. დედა ამ ქალს ყველაზე მეტად უყვარდა, დანარჩენებს კი ყველას ჯადოს უკეთებდა, საკუთარ შვილსაც კი, რომელიც 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბებია და ბაბუაც ერთმანეთისგან დააშორა.

ჭრელი თვალები და გრძელი ცხვირი ჰქონდა. მაღალი ქალი იყო, თან სულ იპრანჭებოდა და ამიტომ პრანჭიას ეძახდნენ. 111 წლის ასაკში გარდაიცვალა. დედის მხრიდან ეს შესაძლებლობები უფრო ძლიერად მაქვს განვითარებული.

— ოჯახი თქვენს ამ ნიჭს არასერიოზულად აღიქვამდა თუ ბავშვურ გატაცებად მიიჩნევდა?

— დეიდაჩემს უფრო სჯეროდა ჩემი, რადგან ბავშვობიდან გულთმისანს მეძახდა. ანუ, სიზმარს რომ ვხედავდი, ხმამაღლა ვყვებოდი და შემდეგ ყველაფერი ხდებოდა. დედასაც სჯეროდა, უბრალოდ არ იმჩნევდა ხოლმე. როცა წამოვიზარდე, მითხრა: „უბრალოდ არ მინდოდა, რომ შენ ეს გზა გაგეგრძელებინაო“.

ალბათ, იმიტომ, რომ ეშინოდა, არ ვიცი. ის ფაქტი, რომ დედა არ მიჯერებდა, უფრო მეტ ძალას მაძლევდა. ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ მისთვის ეს ყველაფერი დამემტკიცებინა.

— როდესაც მომავალს ხედავთ, ეს კონკრეტული კადრების სახით ხდება, შინაგანი ხმით თუ ძლიერი ინტუიციით?

— სხვადასხვა ფორმით ხდება ხოლმე. ხანდახან რაღაც აზრი მომდის, ზოგჯერ კი ყველაფერს კადრების სახით ვხედავ. თითქოს ბურუსია და ამ ბურუსში ვხედავ ყველაფერს. თუ, დავუშვათ, ქვედა სართულიდან ვხედავ გარკვეულ კადრებს, ამაზე არასდროს ვსაუბრობ, რადგან ვხვდები, რომ ეშმაკისგან არის. ხოლო თუ ზემოდან ჩამოდის გარკვეული ხილვა, მუქ იასამნისფერში ან ოქროსფერში, მაშინ ვხვდები, რომ ეს უნდა დავწერო, რადგან რაღაც გამაფრთხილებელი მესიჯია.

— ყოფილა შემთხვევა, როდესაც ისეთი ტრაგიკული მოვლენა იწინასწარმეტყველეთ, რომ მასზე საუბარი უბრალოდ ვერ გაბედეთ?

— დიახ, ყოფილა ასეთი შემთხვევა. ჩინეთიდან ახალი ჩამოსული ვიყავი საქართველოში, როდესაც თბილისში 13 ივნისის ტრაგედია მოხდა. ამ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე ძალიან ცუდად გავხდი. ვიხრჩობოდი, ვყვიროდი, რომ წყალს სახლები მიაქვს, ბევრი გზაა და ზემოთ ორი ადამიანი ყვირის, გვიშველეთო. ამ დროს პირიდან ყავისფერ წყალს ვასხამდი.

დედას მაშინ ძალიან შეეშინდა. ვუთხარი, რომ რაღაც უნდა მომხდარიყო და ტელევიზიით აცხადებდნენ, რომ მდინარე ვერე ადიდდა და ვერეს ხეობაში ტრაგედია დატრიალდა. მას შემდეგ ბევრი რამ ვიწინასწარმეტყველე, მათ შორის რომის პაპის გარდაცვალება, შოვის ტრაგედია, რომელიც წლების წინ ვნახე, და ბევრი სხვა მოვლენა.

— შეუძლია თუ არა ადამიანს მომავლის შეცვლა? მაგალითად, თუ ადამიანს წინასწარ ეცოდინება მოსალოდნელი უბედურების შესახებ, შესაძლებელია მისი თავიდან აცილება?

— ზოგადად, ამ ცხოვრებაში ადამიანი თავის მომავალსა და ბედისწერას თავად წერს, მაგრამ ღმერთისგან დაწერილი ციფრული ბედი სულ სხვა რამ არის, რომელსაც ვერავინ შეცვლის. ხოლო ამ ცხოვრებაში დაწერილი ბედის, რომელსაც ადამიანი თავად ქმნის, შეცვლა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია.

აუცილებელია, ადამიანმა გაიაროს გარდამტეხი პერიოდი, რასაც ტრანსფორმაცია ჰქვია. თუ ადამიანმა გარკვეული ეტაპები არ გაიარა, ის ვერასოდეს ისწავლის, როგორ უნდა გადაირჩინოს თავი მომავალში. სულ სხვის იმედზე ხომ ვერ ვიქნებით?

ამიტომ მე ყოველთვის ვამბობ, რომ ყველა ადამიანს საკუთარი უნარი გააჩნია. ნებისმიერმა ადამიანმა უნდა ესაუბროს საკუთარ სხეულს და მოუსმინოს მას, რადგან სხეული მუდმივად გვესაუბრება. შენ ხარ სული, ხოლო შენი სხეული შენი სულის ტაძარია. შენი სხეული ყოველთვის მიგანიშნებს, რა არის კარგი და რა — ცუდი.

მაგრამ თუ ადამიანის გონებრივი ფიქრები ქვეცნობიერის განწყობას არ ემთხვევა, ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ნეგატივი უფრო მეტად მოქმედებს, ვიდრე პოზიტივი.

იცით, რისი თქმა მინდა? თუ მე 99%-ით მჯერა, რომ ჩემს მომავალს შევცვლი, აუცილებლად შევცვლი, მაგრამ თუ ერთი პროცენტით მაინც მეპარება ეჭვი, ეს ერთი პროცენტი უკვე მოქმედებს ჩემს ქვეცნობიერზე. ჩემი ქვეცნობიერის ვიბრაციები და განწყობა კოსმოსში მიდის და შემდეგ უკან მიბრუნდება. შედეგად, ის ერთი პროცენტი უფრო ძლიერად მუშაობს, ვიდრე დანარჩენი 99%.

ამიტომ ადამიანმა ყოველთვის უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე.

— თქვენ რას უფრო ემხრობით, თეთრ თუ შავ მაგიას?

— იცით, რა არის? ჩემთვის ფერადი მაგია არ არსებობს, არც თეთრი და არც შავი. მე ვემსახურები საკუთარ თავს და იმ ენერგიას, რომელსაც ვფლობ. ეს ნიჭი და სიძლიერე გენეტიკურად მაქვს, ამიტომ არანაირი კონტრაქტი არავისთან დამიდია.

როგორც შავ, ისე თეთრ მაგიას ვფლობ, თუმცა შავ მაგიას არასოდეს ვიყენებ ვინმეს დასასჯელად. ჩემი აზრით, მაგიის მთავარი დანიშნულება განკურნება და სიკეთეა. მისი წესები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს სამყაროს კანონებს, რადგან ასე ბალანსი დაირღვევა.

ჩემი შეხედულებით, შავი და თეთრი ენერგიები ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ორივეს თავისი წესები აქვს. მაგალითად, შეუძლებელია, ადამიანი ერთდროულად შავი მაგიც იყოს და მართლმადიდებელი ქრისტიანიც, თუმცა საქართველოში ბევრი სწორედ ასე წარმოაჩენს თავს.

ნამდვილი შავი მაგიის პრაქტიკოსი არასოდეს დააზიანებს ადამიანს, რომელიც ამას არ იმსახურებს. არა იმიტომ, რომ კეთილია, არამედ იმიტომ, რომ იცის, ვისზე არ უნდა დახარჯოს საკუთარი ენერგია. თეთრი მაგიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი კი ისაა, რომ ადამიანს არ უნდა დაეხმარო მისი სურვილისა და ნების საწინააღმდეგოდ.

— თქვენი ეს ძალა შურისძიების მიზნით თუ გამოგიყენებიათ სხვა ადამიანის მიმართ?

— კი, რა თქმა უნდა. სამყარო ერთ რამეს გეუბნება: შენ უნდა იყო კეთილი, მაგრამ ამ სიკეთესაც აქვს საზღვარი. როცა ხედავ, რომ ერთხელ დაგარტყეს, მეორედ, მესამედ და შენ პასუხს არ უბრუნებ, სამყარო იმდენ ასეთ ადამიანს გამოგიგზავნის, სანამ საკადრის პასუხს არ გასცემ.

— მოდი, საქართველოზე და 2027 წელზე ვისაუბროთ. რას გვეტყვით ამის შესახებ?

— 2027 წელი, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოსთვის შედარებით მშვიდი იქნება. ქვეყანაში ძალიან ბევრი სხვადასხვა ეროვნების ადამიანი შემოვა, მათ შორის საკმაოდ ბევრი — ამერიკიდან და მალაიზიიდან. გეტყვით, რატომაც. არა იმიტომ, რომ საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა ხიბლავთ, არამედ იმიტომ, რომ ფიქრობენ, აქ თავის დაცვას შეძლებენ.

სხვათა შორის, ძალიან ბევრი მუსლიმანი მიიღებს ქრისტიანობას და საქართველოში მოინათლება, მათ შორის სასულიერო პირებიც.

არ არის გამორიცხული, რომ 2027 წელს პოლიტიკური გადატრიალება მოხდეს. ამავე წელს გარდაიცვლება ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა. მე წინასწარ ვიცი მისი სახელი და გვარი, მაგრამ ამას, რა თქმა უნდა, საჯაროდ ვერ ვიტყვი და არც ვიტყვი.

თუ 2030 წლამდე არსებული ხელისუფლება არ შეიცვალა, მაშინ ჩვენ დიქტატორული რეჟიმის მსხვერპლნი გავხდებით, რისი წინაპირობებიც უკვე არსებობს. აიკრძალება ქართული ენა. ჯერ კიდევ წლების წინ ვამბობდი, რომ ჩვენგან რუსულად საუბარს მოითხოვდნენ, რადგან საქართველოში ძალიან ბევრი რუსი შემოვიდოდა.

ამასთან, 2027 წელს, გარდა იმ ვირუსისა, რომელიც ახლა არსებობს, კიდევ ერთი ვირუსი გავრცელდება, რომელიც ხელოვნურად იქნება გავრცელებული და ამას თავისი კონკრეტული მიზეზები ექნება.

ამ საკითხებზე უფრო ღრმად ვეღარ ვისაუბრებ, რადგან არ მინდა, ადამიანებმა იფიქრონ, რომ ეს დაშინებაა. არა, ეს არის გაფრთხილება, რომელიც უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ.

— რამდენად სერიოზულ გავლენას მოახდენს პოლიტიკოსი მამაკაცის გარდაცვალება ქართულ პოლიტიკურ სივრცესა და ზოგადად ქვეყანაში?

— მის გარდაცვალებას ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვება და სერიოზულ პოლიტიკურ ძვრებს გამოიწვევს, მათ შორის ევროპარლამენტის მხრიდანაც, საქართველოს მიმართ. შესაძლოა, ეს შეკვეთილ მკვლელობად მიიჩნიონ და ასეც იქნება, რადგან ეს ბუნებრივი გარდაცვალება არ იქნება. საქართველოს შესაძლოა ირანმა დაარტყას. რუსეთი და ჩინეთი კი ერთმანეთთან ომს დაიწყებენ. 2028–2029 წლებში პუტინის მკვლელობა მოხდება. ეს რამდენიმე წლის წინ ვიწინასწარმეტყველე და დღიურშიც მაქვს ჩაწერილი.

ესაუბრა გიორგი საკარული

პოპულარული სიახლეები