შვეიცარიის მოქალაქეები ქვეყნის ნეიტრალიტეტის სამომავლო ფორმულირებასთან დაკავშირებით რეფერენდუმში მონაწილეობენ.
ხმის მიცემაზე გატანილია სახალხო ინიციატივა „შვეიცარიის ნეიტრალიტეტის დაცვა“, რომელიც ქვეყნის ნეიტრალიტეტის უფრო მკაცრად განსაზღვრას ითვალისწინებს. ინიციატივის დამტკიცების შემთხვევაში, შვეიცარიის კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტი მუდმივი და შეიარაღებული უნდა იყოს.
ინიციატივა ასევე ითვალისწინებს, რომ შვეიცარიამ არ უნდა შეუერთდეს სამხედრო ან თავდაცვით ალიანსს და არ უნდა ითანამშრომლოს ასეთ გაერთიანებებთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ქვეყანას სამხედრო თავდასხმა ემუქრება ან თავდასხმა მზადდება.
გარდა ამისა, ინიციატივის თანახმად, შვეიცარიამ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა მესამე ქვეყნების სამხედრო კონფლიქტებში და არ უნდა დააწესოს სანქციები მეომარ სახელმწიფოებზე. გამონაკლისი იქნება გაეროს მიერ დაწესებული სანქციები და სანქციების გვერდის ავლის აღსაკვეთად მიღებული ზომები.
ინიციატივას მხარს უჭერს მემარჯვენე „შვეიცარიის სახალხო პარტია“ (SVP), რომლის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ბოლო წლებში ქვეყნის ნეიტრალიტეტის არსებული პრაქტიკა შეიცვალა, მათ შორის, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების უმეტესობის მიღებით და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებით.
შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ და პარლამენტმა ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს. მთავრობის პოზიციით, მოქმედი ნეიტრალიტეტის ფარგლებში ქვეყანას საკმარისი მოქნილობა აქვს, რათა ცვალებად საერთაშორისო ვითარებას უპასუხოს.
შვეიცარიის ნეიტრალიტეტი ფედერალურ კონსტიტუციაში 1848 წლიდან არის ასახული, ხოლო მისი საერთაშორისო აღიარება 1815 წლიდან იღებს სათავეს. დღევანდელი რეფერენდუმი ნეიტრალიტეტის გაუქმებას არ ეხება — საკითხი მისი სამომავლო განხორციელების წესების გამკაცრებას შეეხება.
ავტორი: თიკო(თინათინ) შუშანაშვილი.
