ათენში, აკროპოლისის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი სამამდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ბერძნული მედია ავრცელებს.
შემთხვევა ადგილობრივი დროით 07:30 საათზე მოხდა. აფეთქების შედეგად ადგილზე ხანძარი გაჩნდა, ხოლო ორსართულიანი შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ მეხანძრე-მაშველები, პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. სამაშველო სამუშაოებში 24 მეხანძრე მონაწილეობდა.
ნანგრევებიდან ორი ქალი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნებათ.
ამ დროისთვის აფეთქების ზუსტი მიზეზი უცნობია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ შესაძლო ვერსიად გაზის გაჟონვა განიხილება.
