ირლანდიიდან საქართველოს 43 მოქალაქე დეპორტაციით საქართველოში დააბრუნეს. შესაბამისი ოპერაცია 20 სექტემბერს ირლანდიის Garda National Immigration Bureau-მ განახორციელა. – ინფორმაციას ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის სამინისტრო ავრცელებს.
ირლანდიის პოლიციის ინფორმაციით, დეპორტირებულთა შორის 33 მამაკაცი, 7 ქალი და 3 არასრულწლოვანია. დაბრუნებულებს შორის ერთი ოჯახიც იყო, რომლის შემადგენლობაშიც სამი ბავშვი შედიოდა.
უწყების ცნობით, 42 მოქალაქე ირლანდიის მინისტრის მიერ 1999 წლის საიმიგრაციო კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული დეპორტაციის ბრძანებების შესაბამისად გააძევეს. კიდევ ერთი სრულწლოვანი მამაკაცი ქვეყნიდან 2026 წლის საერთაშორისო დაცვის შესახებ კანონის საფუძველზე გაცემული დაბრუნების გადაწყვეტილებით გააძევეს.
ირლანდიის პოლიციის განცხადებით, დეპორტირებულთაგან ოთხი მამაკაცი ქვეყანაში სხვადასხვა დანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული.
დეპორტაციისთვის დაქირავებული თვითმფრინავი დუბლინის აეროპორტიდან 20 სექტემბერს, 13:50 საათზე გაფრინდა და თბილისში 18:40 საათზე დაეშვა. რეისს ირლანდიის პოლიციის თანამშრომლები, სამედიცინო პერსონალი, თარჯიმანი და ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი დამკვირვებელი ახლდნენ.
ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრმა ჯიმ ო’კალაჰანმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ირლანდიაში ლეგალურად ცხოვრობს და ქვეყნის საზოგადოებაში დადებითი წვლილი შეაქვს.
ირლანდიის მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული რეისის განხორციელებისთვის თვითმფრინავის დაქირავების ღირებულებამ 225 575 ევრო შეადგინა, დღგ-ს გარეშე.
ირლანდიის ხელისუფლების ცნობით, ეს 2026 წელს ქვეყნიდან განხორციელებული ჩარტერული დეპორტაციის მეექვსე ოპერაცია იყო. მთავრობის განცხადებით, წლის განმავლობაში ჩარტერული რეისებით ჯამში 221 პირია გაძევებული.
ავტორი: თიკო შუშანაშვილი|Newsplus.ge
