ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირმა ისრაელის დასახლებებთან მიმართებით ისეთი სანქციები უნდა დააწესოს, როგორიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმთან დაკავშირებით მოქმედებს.
კალასის თქმით, ევროკავშირმა არ უნდა აღიაროს უკანონოდ მიჩნეული ტერიტორიების სტატუსი და, შესაბამისად, მათთან სავაჭრო ურთიერთობებიც უნდა შეწყვიტოს.
„ყირიმის ოკუპაციის შემთხვევაში ძალიან ნათელი იყო, რომ ეს უკანონოა. ჩვენ ამას არ ვაღიარებთ, რაც ნიშნავს, რომ ვწყვეტთ ყირიმიდან შემოსულ ნებისმიერ პროდუქტზე ვაჭრობას. ჩვენც იგივე პრინციპული პოზიცია უნდა გვქონდეს — ყველამ იცის, რომ ეს უკანონოა, ამიტომ უნდა შევწყვიტოთ ვაჭრობა ოკუპირებულ ტერიტორიებთან“, — განაცხადა კალასმა.
კალასის განცხადებას ევროკავშირსა და ნატოში ისრაელის მისიამ „ძალიან სამწუხარო“ უწოდა.
მისიის განცხადებით, განსაკუთრებით რთულად აღსაქმელია აღნიშნული შედარება ებრაული ახალი წლის წინ, რადგან კალასმა, მათი შეფასებით, იერუსალიმის დასავლეთ კედელსა და ებრაულ კვარტალს ყირიმში არსებულ ვითარებასთან პირდაპირი პარალელი გაავლო.
ავტორი: თიკო შუშანაშვილი
