მთავარისპორტიგიორგი გველესიანი საფეხბურთო კარიერას ასრულებს — „მინდორს ვტოვებ მშვიდად და თავაწეული“

გიორგი გველესიანი საფეხბურთო კარიერას ასრულებს — „მინდორს ვტოვებ მშვიდად და თავაწეული“

საქართველოს ეროვნული ნაკრების 35 წლის მცველი გიორგი გველესიანი აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. ფეხბურთელის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა და ბოლო 10 წლის განმავლობაში ორივე მუხლის ქრონიკული ტრავმა მის ყოველდღიურ ცხოვრებას თან ახლდა.

გველესიანი აღნიშნავს, რომ კარიერის განმავლობაში სხეულის შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოიყენა და ფეხბურთს ჯანმრთელობა, ენერგია და დრო მიუძღვნა.

 

„გადავწყვიტე, დავასრულო ჩემი აქტიური საფეხბურთო კარიერა. ეს არ ყოფილა მარტივი, მაგრამ დგება დრო, როცა სხეულის ხმას უნდა მოუსმინო. ვინც მიცნობს, იცის ის უხილავი ბრძოლა, რასაც წლების განმავლობაში ვაწარმოებდი – ბოლო 10 წელია, ორივე მუხლის ქრონიკული ტრავმა ჩემი ყოველდღიური თანამგზავრია.

იყო მომენტები, როცა ტკივილი გაჩერებას მთხოვდა, მაგრამ ტრიბუნებიდან წამოსული თქვენი ენერგია მაძლევდა ძალას, გამაყუჩებლებით კიდევ ერთი მატჩი ჩამეტარებინა. მე ამოვწურე სხეულის ყველა რესურსი და ფეხბურთს მივეცი ყველაფერი – ენერგია, ჯანმრთელობა და დრო.

ვამაყობ, რომ ჩემი კვალი დავტოვე ყველგან, სადაც მითამაშია – მათ შორის, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

უღრმესი მადლობა გულშემატკივრებს, მწვრთნელებს, თანაგუნდელებსა და ექიმებს. განსაკუთრებული მადლობა ჩემს ოჯახს – თქვენი უპირობო თანადგომის გარეშე, ეს მოგზაურობა ბევრად ადრე დასრულდებოდა.

მინდორს ვტოვებ მშვიდად და თავაწეული, რადგან დასანანი არაფერი დამიტოვებია. მე ვიბრძოლე“, – წერს გველესიანი.

პოპულარული სიახლეები