აშშ-ის გრანდ კანიონში ძლიერი წყალდიდობის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, დაახლოებით 15 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
აშშ-ის ეროვნული პარკების სამსახურის ცნობით, წყალდიდობა 29 აგვისტოს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 14:30 საათზე დაიწყო.
ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებით 62 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.
წყალდიდობამ ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. რამდენიმე ტურისტული ბილიკი დაიკეტა, ხოლო ძლიერმა წყალმა რამდენიმე ხიდი წაიღო.
აშშ-ის ეროვნული პარკების სამსახური მოსახლეობასა და ტურისტებს აფრთხილებს, რომ რეგიონში კვლავ მოსალოდნელია ჭექა-ქუხილი და ძლიერი წვიმა, რამაც შესაძლოა დამატებითი წყალდიდობები, ღვარცოფები და კლდეზვავები გამოიწვიოს. ასევე, მოსალოდნელია მდინარისა და საფეხმავლო ბილიკების მდგომარეობის სწრაფი ცვლილება.
გრანდ კანიონი აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ეროვნული პარკია, რომელსაც ყოველწლიურად დაახლოებით ხუთი მილიონი ადამიანი სტუმრობს.
ავტორი:თიკო შუშანაშვილი
