მთავარიმსოფლიონეპალში წყალდიდობის განმეორების საფრთხე კვლავ რჩება — სტიქიის შედეგად 669 ადამიანი დაიღუპა

ნეპალში წყალდიდობის განმეორების საფრთხე კვლავ რჩება — სტიქიის შედეგად 669 ადამიანი დაიღუპა

Reuters-ის ინფორმაციით, ნეპალის ნუვაკოტის რაიონის მცხოვრებლები უფრო მაღალ ადგილებში გადადიან, რადგან ხელისუფლება სტიქიის განმეორების საფრთხის შესახებ აფრთხილებს. ნეპალ-ჩინეთის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე სამაშველო ოპერაციები დროებით შეჩერდა მას შემდეგ, რაც მყინვარის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილმა ტბამ გადმოდინება დაიწყო და ქვედა დინებაში წყლის ნაკადის ზრდის საფრთხე შექმნა. მოგვიანებით, რისკების შეფასების შემდეგ, სამაშველო სამუშაოები განახლდა.

წყალდიდობის შედეგად წარმოქმნილი ტბის წყალი ამჟამად თანდათან იკლებს, თუმცა ხელისუფლება მოსახლეობას კვლავ აფრთხილებს, რომ დამატებითი წყალდიდობის საფრთხე სრულად არ გამქრალა და მანამდე შენარჩუნდება, ვიდრე ზემო დინებაში არსებული ტბები მთლიანად არ დაიცლება. 

სტიქია 26 აგვისტოს მყინვარის ჩამოშლას მოჰყვა, რომელმაც კლდის, ყინულის, ტალახისა და ქვა-ღორღის მასა მდინარეთა სისტემებში გადაიტანა. შედეგად ნეპალისა და ტიბეტის ტერიტორიებზე დაიტბორა დასახლებები, დაზიანდა გზები, ხიდები, ენერგოინფრასტრუქტურა და სასაზღვრო ობიექტები.

Reuters-ის ინფორმაციით, ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 669-ს მიაღწია, ხოლო 2 426 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

ავტორი: თიკო შუშანაშვილი

პოპულარული სიახლეები