ანტალიის აეროპორტის მეორე ტერმინალის ავტოსადგომზე 38 წლის ელინა შენგუნი, ორი შვილის დედა, ყოფილმა პოლიციელმა ჰუსეინ დურმაზმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. თურქული მედიის ცნობით, ქალი საქართველოს მოქალაქე იყო.
შემთხვევა 21 აგვისტოს, ანტალიის აეროპორტის მეორე ტერმინალის ავტოსადგომზე მოხდა. თურქული მედიის, მათ შორის Demirören Haber Ajansı-ს (DHA), ინფორმაციით, 51 წლის ჰუსეინ დურმაზი და ელინა შენგუნი დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ურთიერთობაში იმყოფებოდნენ.
DHA-ს ცნობით, დურმაზი ქალს გარკვეული პერიოდის განმავლობაში ემუქრებოდა. მკვლელობამდე ერთი დღით ადრე ის ელინა შენგუნის საცხოვრებელ სახლში მივიდა, თუმცა ქალი იქ არ დახვდა. მომდევნო დღეს დურმაზი მის სამუშაო ადგილზე, ანტალიის აეროპორტის მეორე ტერმინალში მივიდა.
შენგუნი აეროპორტში გაყიდვების კონსულტანტად მუშაობდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, ავტოსადგომზე შეხვედრისას მათ შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ დურმაზი საკუთარ ავტომობილთან მივიდა, იქიდან ცეცხლსასროლი იარაღი აიღო და ქალს ესროლა. ტყვია შენგუნს თავში მოხვდა.
შემთხვევის ადგილზე პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები მივიდნენ. მძიმედ დაჭრილი ელინა შენგუნი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 38 წლის ქალი გარდაიცვალა. თურქული მედიის ცნობით, შენგუნი ორი შვილის დედა იყო.
დურმაზი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ მისგან იარაღიც ამოიღო.
22 აგვისტოს ეჭვმიტანილი სასამართლოში გადაიყვანეს. DHA-ს ინფორმაციით, ჰუსეინ დურმაზი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.
თურქული მედიის ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის ზუსტი მოტივი საბოლოოდ დადგენილი არ არის. ცნობილია, რომ დურმაზსა და შენგუნს დაახლოებით ორწლიანი ურთიერთობა ჰქონდათ და ქალი, გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისგან მუქარებს იღებდა.
მკვლელობის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ავტორი:თიკო შუშანაშვილი|Newsplus.ge
