თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე ბრალდებული საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე იმსჯელა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირაკლი ღარიბაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების — პატიმრობის — შეცვლის საფუძველი არ არსებობს. მოსამართლე ფიქრია სეკტურაშვილის განცხადებით, „არ არსებობს პატიმრობის შეცვლის საფუძველი“.
დღევანდელ სასამართლო პროცესს თავად ირაკლი ღარიბაშვილი არ დასწრებია.
ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი ბრალდება თანამდებობის პირის მიერ, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე გუშინ წარუდგინეს.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროსთვის საჭირო სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შესყიდვის პროცესთან დაკავშირებით, ირაკლი ღარიბაშვილმა ქრთამის სახით 750 000 ლარი აიღო.
უწყების ცნობით, აღნიშნული ქმედებების შედეგად სახელმწიფოს 6 985 255 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი მიადგა, ასევე არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი.
