ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში სამი დის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთმანეთის დები არიან. მათი ცხედრები მეზობლებმა აღმოაჩინეს.
ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ცხედრები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უნდა დადგინდეს.
ადგილობრივი წარმომადგენლის ინფორმაციით, დები მარტო ცხოვრობდნენ და ისინი დაახლოებით 4–5 დღის განმავლობაში არ გამოჩენილან. მეზობელმა საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უსიამოვნო სუნი იგრძნო, რის შემდეგაც ცხედრები აღმოაჩინეს.
გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე ოფიციალურად უცნობია. ერთ-ერთ შესაძლო ვერსიად საკვებით ინტოქსიკაცია სახელდება, თუმცა აღნიშნული ვერსია ჯერ დადასტურებული არ არის. ექსპერტიზაზე გადაგზავნილია შესაბამისი ნიმუშებიც, მათ შორის საკვებისა და წყლის ნიმუშები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანას ეხება.
ამ ეტაპზე გარდაცვალების ზუსტი მიზეზი და სხვა გარემოებები უცნობია. გამოძიება მიმდინარეობს და საბოლოო პასუხს ექსპერტიზის დასკვნა და საგამოძიებო მოქმედებები გასცემს.
