მთავარისაზოგადოებაპაატა შავაძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების განახლებას მოითხოვს — „სიმართლეს ვადა არ...

პაატა შავაძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების განახლებას მოითხოვს — „სიმართლეს ვადა არ აქვს“

ადვოკატი, სამართლის დოქტორი და პროფესორი პაატა შავაძე თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების განახლების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი შეფასებით, საქმეში არსებული შესაძლო ახალი გარემოებები, წინააღმდეგობები და პასუხგაუცემელი კითხვები ხელახალ, ობიექტურ და სრულყოფილ შესწავლას საჭიროებს.

როგორც შავაძე აცხადებს, გამოძიების განახლების მოთხოვნა ვინმეს წინასწარ დადანაშაულებას არ გულისხმობს და მისი მიზანი საქმის ყველა გარემოების კიდევ ერთხელ სამართლებრივად შეფასებაა.

„თამარ ბაჩალიაშვილის საქმე არ შეიძლება უბრალოდ დახურულ საქაღალდედ იქცეს და საზოგადოებას დარჩეს კითხვები, რომლებზეც დღემდე დამაჯერებელი პასუხები არ არსებობს.

თუ არსებობს ახალი გარემოებები, წინააღმდეგობები, მტკიცებულებები ან საფუძვლიანი კითხვები იმ გამოძიების მიმართ, რომელიც წლების წინ ჩატარდა, სახელმწიფოს ვალდებულებაა, ეს ყველაფერი ხელახლა, ობიექტურად და სრულად შეისწავლოს.

გამოძიების განახლება არ ნიშნავს ვინმეს წინასწარ დადანაშაულებას. პირიქით, ეს ნიშნავს სიმართლის დადგენის შესაძლებლობისთვის ყველა სამართლებრივი გზის გამოყენებას.

თამარის ოჯახს აქვს უფლება იცოდეს სრული სიმართლე, საზოგადოებას აქვს უფლება მიიღოს პასუხები, სახელმწიფოს კი აქვს ვალდებულება, რომ მძიმე და საეჭვო გარემოებებით მოცული საქმე მხოლოდ ფორმალური გადაწყვეტილებით არ დაასრულოს.

არავის მოვუწოდებ წინასწარ განაჩენის გამოტანისკენ.

მოვითხოვ მხოლოდ ერთს:

საქმე კიდევ ერთხელ, სრულად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად უნდა იქნეს შესწავლილი.

თუ გამოძიება ჩატარებულია სრულყოფილად, ეს ხელახალმა, პროფესიულმა შემოწმებამ უნდა დაადასტუროს. თუ რაიმე კითხვა, წინააღმდეგობა ან გამოუკვლეველი გარემოება არსებობს, მას პასუხი უნდა გაეცეს.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება უნდა განახლდეს… ეს არის გარდაუვალი და მთავარ საგამოძიებო უწყებას ამ ნაბიჯის გადადგმა, ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს!

სიმართლეს ვადა არ აქვს.

ოჯახის კითხვებს კი პასუხი სჭირდება.“ – წერს პაატა შავაძე.

 

ავტორი: თიკო შუშანაშვილი

პოპულარული სიახლეები