მთავარიმსოფლიოკანადასა და აშშ-ს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ჩაიშალა — კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები...

კანადასა და აშშ-ს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ჩაიშალა — კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები ამოქმედდება

კანადასა და აშშ-ს შორის სავაჭრო მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა, რის შედეგადაც კანადური საქონლის ფართო სპექტრზე ამერიკული ტარიფების ამოქმედება იგეგმება.

კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ ქვეყანა აშშ-ის მიერ დაწესებულ ტარიფებს შესაბამისი საპასუხო ზომებით უპასუხებს და ამერიკულ საქონელზე იმავე ოდენობის ტარიფებს დააწესებს.

კარნის განცხადებით, მოლაპარაკებების პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესი იყო მიღწეული, თუმცა აშშ-ის მხრიდან ბოლო ეტაპზე შეთავაზებული პირობების ცვლილებები, მისი შეფასებით, „არაკეთილსინდისიერი და არაეკონომიკური“ აღმოჩნდა და შეთანხმების საიმედოობას ეჭვქვეშ აყენებდა.

„მნიშვნელოვანი პროგრესის“ მიუხედავად, საბოლოო შეთანხმება ვერ შედგა. კანადის პრემიერის თქმით, მიღწეული შედეგი საკმარისი არ იყო კანადელების ინტერესების დასაცავად.

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ჯეიმისონ გრიერმა კი კანადა დაადანაშაულა იმაში, რომ ქვეყანამ ადრე შეთანხმებული პირობებით გარიგების დასრულებაზე უარი თქვა და ახალი მოთხოვნების წამოყენებით არსებული შეთანხმებები დაარღვია.

მოლაპარაკებების ჩაშლის შედეგად კანადური პროდუქციის რიგ კატეგორიებზე ტარიფები 50%-მდე გაიზრდება. აღნიშნული ზომები შეეხება, მათ შორის, ღვინოს, რძის პროდუქტებს, ცემენტს, ტანსაცმელსა და ჰოკეის აღჭურვილობას.

მხარეებს შორის სავაჭრო დავის გამწვავება ჩრდილოეთ ამერიკის ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის სავაჭრო ურთიერთობებზე დამატებით ზეწოლას ქმნის.

 

 

ავტორი: თიკო შუშანაშვილი

პოპულარული სიახლეები