მთავარისაზოგადოებათეონა თამაზაშვილი პროკურატურაში დაიბარეს — ბაჩალიაშვილის დედა შეხვედრის დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს

თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში დაიბარეს — ბაჩალიაშვილის დედა შეხვედრის დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი, პროკურატურაში დაიბარეს. ამის შესახებ თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„დამირეკეს პროკურატურიდან და დამიბარეს დღეს 17 საათზე შეხვედრაზე. შეხვედრის შედეგებს მოგვიანებით გაცნობებთ“, — წერს თეონა თამაზაშვილი.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი მისი გარდაცვალების საქმის ხელახალი გამოძიების დაწყებას ითხოვს. 19 აგვისტოს თეონა თამაზაშვილი გენერალურ პროკურატურაში მივიდა და შესაბამისი მოთხოვნა შეიტანა.

თამაზაშვილი არ ეთანხმება გამოძიების ოფიციალურ ვერსიას, რომლის მიხედვითაც მისმა შვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, და მიიჩნევს, რომ თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს.

თეონა თამაზაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი შეფასებით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც აქვს.

„თამარ ბაჩალიაშვილი მოკლეს. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს ყველაფერი იცის ღარიბაშვილმა და ეს არის მისი ვაჭრობის საგანი. ღარიბაშვილმა ძალიან ბევრი იცის“, — განაცხადა თამაზაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ეჭვს ის რამდენიმე გარემოებას უკავშირებს და მათ შორის ახსენებს „ვილა ალგეთის“ ყოფილ მეპატრონეს.

თეონა თამაზაშვილის განცხადებები წარმოადგენს მის პოზიციას და ამ ეტაპზე აღნიშნული ბრალდებების დამადასტურებელი დამოუკიდებელი მტკიცებულება საჯაროდ არ არის წარმოდგენილი.

საქართველოს პროკურატურას თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება წარსულში უკვე ჰქონდა ჩატარებული. უწყების ოფიციალური ვერსიით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ უკანონო ქმედებას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ამასთან, 2023 წელს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებლის, სერგო შუბითიძის განცხადებების საფუძველზე, შესაძლო მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

თეონა თამაზაშვილის განცხადებით, პროკურატურაში დღევანდელი შეხვედრის შედეგებს მოგვიანებით გაავრცელებს.

პოპულარული სიახლეები