ზაფხულის მაღალი ტემპერატურის ფონზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) მოქალაქეებს უსაფრთხოების რეკომენდაციებს უზიარებს და მოუწოდებს, თბური ტალღების პერიოდში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.
ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC) მოსახლეობას მაღალი ტემპერატურისგან თავის დაცვისკენ მოუწოდებს და შესაბამის რეკომენდაციებს ავრცელებს.
ცენტრის ინფორმაციით, დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში, განსაკუთრებით შუადღის საათებში, სასურველია მოქალაქეებმა ქუჩაში გადაადგილება და მზის პირდაპირი სხივების ქვეშ ხანგრძლივი ყოფნა შეძლებისდაგვარად შეზღუდონ.
სპეციალისტები ასევე რეკომენდაციას უწევენ დღის განმავლობაში საკმარისი რაოდენობით წყლის მიღებას და მოუწოდებენ მოსახლეობას, თავი შეიკავონ ალკოჰოლური, ტკბილი და კოფეინის შემცველი სასმელების მოხმარებისგან, რადგან ისინი ორგანიზმის გაუწყლოებას უწყობს ხელს.
ამასთან, მაღალი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობა სასურველია გადაიტანოთ დილის ან საღამოს შედარებით გრილ საათებში, როდესაც გარემოს ტემპერატურა ნაკლებია.
NCDC განსაკუთრებულ გაფრთხილებას ავრცელებს მშობლებისა და შინაური ცხოველების მფლობელების მიმართ. ცენტრი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ბავშვებისა და შინაური ცხოველების გაჩერებულ ავტომობილში დატოვება, რადგან მაღალი ტემპერატურა მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.
ქუჩაში გასვლისას რეკომენდებულია ღია ფერის, თავისუფალი და ნატურალური ქსოვილის ტანსაცმლის ტარება, ასევე ქუდის, მზისგან დამცავი სათვალისა და საჭიროების შემთხვევაში ქოლგის გამოყენება. საცხოვრებელ სივრცეში კი მნიშვნელოვანია სიგრილის შენარჩუნება, ხოლო ოთახების განიავება დილისა და ღამის საათებში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განმარტებით, თბური ტალღები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. კლიმატის ცვლილების ფონზე, საქართველოშიც იზრდება მაღალი ტემპერატურის ეპიზოდების სიხშირე და ხანგრძლივობა, რაც ტემპერატურისადმი მგრძნობიარე დაავადებების გავრცელებისა და ქრონიკული არაგადამდები დაავადებების გამწვავების რისკს ზრდის.
წყარო: დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი (NCDC).
