თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებულ აქტივისტებს სასამართლომ ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
თბილისის საკრებულოსთან გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტების საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.
სასამართლომ თორნიკე თოხშუა, მარიამ მეყანწიშვილი, ნატო ბოლქვაძე და შაკო ბაღდოშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო.
მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებით, თორნიკე თოხშუას 3 000-ლარიანი, ხოლო მარიამ მეყანწიშვილს 6 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ნატო ბოლქვაძეს 5-დღიანი, შაკო ბაღდოშვილს კი 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
მანამდე გაიმართა აქტივისტების ვასო ბერიძისა და ია მელითაურის სასამართლო პროცესებიც. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დაჯარიმდა, ხოლო ია მელითაურს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
რაც შეეხება თორნიკე ტიკარაძის საქმეს, მისი სასამართლო პროცესი 31 ივლისს, 14:00 საათზე გადაიდო.
ცნობისთვის, თბილისის საკრებულოსთან გამართული აქციის დროს სამართალდამცველებმა 10 პირი დააკავეს. მათ შორის იყვნენ: თორნიკე თოხშუა, მარიამ მეყანწიშვილი, ია მელითაური, ნატო ბოლქვაძე, სანდრო სეხნიაშვილი, ლაშა დგებუაძე, ვასო ბერიძე, მარინე ნანავა, თორნიკე ტიკარაძე და შაკო ბაღდოშვილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს ხელში ეჭირათ „შეურაცხმყოფელი შინაარსის ბანერები“. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ან წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
