ვერაზე მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი ორი ახალგაზრდა კლინიკა „ჰელსიკორიდან“ უკვე გაწერეს. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია და ისინი აღარ საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას, რის გამოც სამედიცინო პერსონალმა ბინაზე გაწერის გადაწყვეტილება მიიღო.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 22 ივლისს, გვიან ღამით, თბილისში, შანიძის ქუჩის №31-ში მოხდა. არსებული ინფორმაციით, ნიკა კაპანაძის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული გასროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. ერთ-ერთი დაჭრილი, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილი, მიღებული დაზიანებების შედეგად კლინიკაში გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა 42 წლის ნიკა კაპანაძე მისივე კუთვნილ სასტუმროში დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებული წარსულში ნასამართლევია. ასევე ცნობილია, რომ მას დედის, დოდო ოდიშარიას, მიმართ შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოცემული. თავად დოდო ოდიშარია საჯაროდ საუბრობს მისი შვილის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ.
გამოძიების არსებული ვერსიით, ინციდენტს წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება ნიკა კაპანაძის დედასა და ახალგაზრდებს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა კაფედან გამოსულ ახალგაზრდებს შენიშვნა მისცა, რადგან მათი ავტომობილი მისი საცხოვრებელი სახლის წინ იყო გაჩერებული. სწორედ ამის შემდეგ, არსებული ცნობებით, ნიკა კაპანაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
სროლის დროს „ალფა რომეოს“ მარკის ავტომობილში ოთხი პირი იმყოფებოდა. ტყვია სამ მათგანს მოხვდა, ხოლო მძღოლი არ დაშავებულა. შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი მოქალაქე დაიჭრა, რომელიც იმ მომენტში ტაქსით გადაადგილდებოდა და შემთხვევით მოხვდა გასროლილი ტყვიის არეში.
მომხდარზე გამოძიება გრძელდება.
