ესპანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ანდალუსიის რეგიონში, ალმერიის პროვინციის ბედარის მუნიციპალიტეტში გაჩენილმა ტყის მასშტაბურმა ხანძარმა მძიმე შედეგები გამოიწვია.
ანდალუსიის რეგიონული მთავრობის ინფორმაციით, სტიქიას ამ დროისთვის სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 6 დაშავდა.
ხანძრის ლოკალიზებისა და გავრცელების შეჩერების მიზნით, ადგილზე ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ მეხანძრე-მაშველები და საგანგებო სამსახურების წარმომადგენლები. ოპერაციაში ჩართულია როგორც სახანძრო ტექნიკა, ისე საავიაციო საშუალებები.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაწყებულია გამოძიება, ხოლო დაზარალებულთა დასახმარებლად შესაბამისი ღონისძიებები უკვე მიმდინარეობს.
BBC-ის ინფორმაციით, მაშველები ტერიტორიის სრულ შემოწმებას აგრძელებენ. მათი შეფასებით, არ არის გამორიცხული, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.
