მთავარიკულტურა„პერსონა 2026“-ის ტიტულზე წარდგენილი ქორეოგრაფი გიორგი მიქელაძე – ანსამბლ „სხივის“ დამფუძნებელი ქართული...

„პერსონა 2026“-ის ტიტულზე წარდგენილი ქორეოგრაფი გიორგი მიქელაძე – ანსამბლ „სხივის“ დამფუძნებელი ქართული ცეკვის პოპულარიზაციას ემსახურება

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია „პერსონა 2026“ წარმოგიდგენთ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქორეოგრაფს, ანსამბლ „სხივის“ დამფუძნებელსა და სამხატვრო ხელმძღვანელს, გიორგი მიქელაძეს. იგი მეუღლესთან, მარიამ გელაძესთან, ერთად წლებია ქართულ ქორეოგრაფიას ემსახურება და აქტიურად ზრუნავს ეროვნული კულტურის შენარჩუნებასა და მომავალი თაობებისთვის მის გადაცემაზე.

– როდის დაიწყეთ ცეკვა?

– ცეკვა ექვსი წლის ასაკში დავიწყე. ბავშვობიდანვე განსაკუთრებული სიყვარული მქონდა ქართული ცეკვის მიმართ და მას შემდეგ ეს ხელოვნება ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

– რას ნიშნავს თქვენთვის ცეკვა, როგორც ცხოვრების ნაწილი?

– ცეკვა ოდითგანვე იყო ადამიანის მიერ სხეულის ენით გრძნობების, ემოციებისა და ტრადიციების გამოხატვის საშუალება. ეს კულტურული მემკვიდრეობა დღემდე ცოცხლობს და წარმატებით ვითარდება ქართულ ქორეოგრაფიაში. ჩემთვის ცეკვა მხოლოდ ხელოვნება არ არის – ეს არის ცხოვრების წესი და ეროვნული ფასეულობების შენარჩუნების გზა.

– როგორ დაიწყო თქვენი და თქვენი მეუღლის საერთო გზა?

– ჩემს მეუღლეს, მარიამ გელაძეს, ერთ-ერთ ანსამბლში შევხვდი. სწორედ იქ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, რომელიც დროთა განმავლობაში ოჯახად ჩამოყალიბდა. დღეს ერთი ვაჟი გვყავს და ოჯახთან ერთად საერთო საქმეს – ქართული ცეკვის განვითარებასა და პოპულარიზაციას ვემსახურებით.

– როდის დააფუძნეთ ანსამბლი „სხივი“ და რა გეგმები გაქვთ მომავალში?

– ანსამბლი „სხივი“ 2023 წელს დავაფუძნეთ. დაარსებიდან დღემდე აქტიურად ვმონაწილეობთ სხვადასხვა ფესტივალსა და კულტურულ ღონისძიებაში, სადაც არაერთი მაღალი შეფასება და საპრიზო ადგილი მოვიპოვეთ. ყოველდღიურად ვშრომობთ, ვვარჯიშობთ და ვავითარებთ ჩვენს შემოქმედებით შესაძლებლობებს. ჩვენი მთავარი მიზანია, ქართული კულტურა და ქართული ცეკვა ღირსეულად გავიტანოთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ უფრო ფართოდ გავაცნოთ მსოფლიოს.

– რა არის თქვენთვის ქართული ცეკვა?

– ჩემთვის ქართული ცეკვა არის ხელოვნება, სულიერი თავისუფლება, ეროვნული ტრადიცია და სიტყვებით აუხსნელი გრძნობა, რომელსაც სხეულის მოძრაობით გამოვხატავ. ეს არის ემოცია, რომელიც მაკავშირებს ჩემს ხალხთან, ისტორიასთან და კულტურასთან.

 

Newsplus.ge

 

პოპულარული სიახლეები