თანამედროვე ესთეტიკური მედიცინა სულ უფრო მეტად სცილდება სტერეოტიპულ ჩარჩოებს და ინდივიდუალურ მიდგომაზე ამახვილებს ყურადღებას. ამ ხედვით შეიქმნა „Beauty Aesthetic“ — კლინიკა, რომელიც მოკლე დროში პროფესიონალიზმის, უსაფრთხოებისა და ხარისხის ერთ-ერთ გამორჩეულ სტანდარტად ჩამოყალიბდა.
კლინიკის დამფუძნებელი, ხათო ჯუმუტია, საკუთარ საქმიანობას არა მხოლოდ პროფესიულ არჩევანად, არამედ დიდ პასუხისმგებლობად აღიქვამს.
Newsplus.ge-სთან ინტერვიუში ის საუბრობს პროფესიულ გზაზე, თანამედროვე ესთეტიკის ხედვაზე და იმ ღირებულებებზე, რომლებიც მის საქმიანობას განსაზღვრავს.
⸻

— როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა და როგორ ჩამოყალიბდა „Beauty Aesthetic“-ის შექმნის იდეა? როდის გადაწყვიტეთ, რომ ესთეტიკა იქნებოდა თქვენი მოწოდება?
„Beauty Aesthetic“-ის იდეა ჩემი პროფესიული გზის ბუნებრივი გაგრძელება იყო. ყოველთვის მიზიდავდა ესთეტიკური მედიცინა – სფერო, რომელიც აერთიანებს მედიცინას, ხელოვნებასა და ადამიანის თვითრწმენას. სწორედ ამ ხედვამ მიმიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ შემექმნა სივრცე, სადაც სილამაზე, პროფესიონალიზმი და უსაფრთხოება ერთიანდება. კლინიკა 2025 წელს დავაფუძნე და თავიდანვე მიზნად დავისახე მაღალი სტანდარტის სერვისის შექმნა.
— თქვენს სფეროში უამრავი ტენდენციაა – როგორ შექმენით საკუთარი სტილი და რით გამოირჩევით სხვებისგან?
ესთეტიკურ მედიცინაში ტრენდები მუდმივად იცვლება, თუმცა ჩემი მთავარი პრინციპი ყოველთვის ბუნებრივი სილამაზის ხაზგასმაა. ჩემი სტილი ეფუძნება ზომიერებას, ინდივიდუალურ მიდგომას და შედეგს, რომელიც პაციენტს არა ცვლის, არამედ მის საუკეთესო ვერსიას უსვამს ხაზს.
— რის საფუძველზე შეარჩიეთ კლინიკის ვიზუალური იდენტობა – ლოგო, ფერები, ინტერიერი? რამდენად გამოხატავს ეს თქვენს პირად ხედვას სილამაზეზე?
კლინიკის ვიზუალური იდენტობა შევქმენი იმ იდეით, რომ სივრცე იყოს ელეგანტური, მშვიდი და თანამედროვე. ფერები და ინტერიერი ასახავს სისუფთავეს, მინიმალიზმსა და ჰარმონიას – იმ ღირებულებებს, რომლებიც ჩემთვის სილამაზესთან არის დაკავშირებული.

— როდის და როგორ მიხვდით, რომ გსურდათ სილამაზის სფეროში მოღვაწეობა?
ეს სურვილი ეტაპობრივად ჩამოყალიბდა. რაც უფრო ღრმად ვეცნობოდი ესთეტიკურ მედიცინას, მით მეტად ვხვდებოდი, რომ ეს სფერო არა მხოლოდ გარეგნულ ცვლილებას, არამედ ადამიანების თავდაჯერებულობის გაძლიერებასაც ეხება.
— ხშირად ამბობენ, რომ ესთეტიკური მედიცინა ზედაპირული სფეროა. როგორ უპასუხებთ ამ სტერეოტიპს?
სინამდვილეში ესთეტიკური მედიცინა ძალიან პასუხისმგებლიანი სფეროა. თითოეული პროცედურა მოითხოვს ცოდნას, გამოცდილებას და დიდ პასუხისმგებლობას,ამიტომ ჩემთვის ეს პროფესია ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე უბრალოდ სილამაზის შექმნა.
— რამდენად ხშირად ენდობით ინტუიციას პაციენტებთან ურთიერთობისას?
მედიცინაში მთავარი საფუძველი ცოდნა და გამოცდილებაა, თუმცა პაციენტთან ურთიერთობაში ინტუიციაც დიდ როლს თამაშობს. ხშირად სწორედ ემოციური კონტაქტი გვეხმარება გავიგოთ, რა სჭირდება ადამიანს რეალურად.
— რა პროფესიულ პრინციპებზეა დაფუძნებული თქვენი მუშაობის სტილი?
მიუხედავად იმისა, რომ ესთეტიკური მედიცინა მუდმივად ვითარდება და ტენდენციები სწრაფად იცვლება, ჩემთვის მთავარი პრინციპი უცვლელია — ბუნებრივი სილამაზის შენარჩუნება. მუშაობის პროცესში ყოველთვის ვხელმძღვანელობ:
- ზომიერებით
- ინდივიდუალური მიდგომით
- პაციენტის რეალური საჭიროებების სწორად განსაზღვრით
ჩემი მიზანია, შედეგმა არა შეცვალოს ადამიანი, არამედ გამოკვეთოს მისი ბუნებრივი ხიბლი.
— თქვენი საქმიანობა საერთაშორისო დონეზეც დაფასდა — რას ნიშნავს თქვენთვის ეს აღიარება?
ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა. კომპანია Pharma Story-მ „ოქროს ათეულში“ შემიყვანა, რაც პროფესიული საქმიანობის მნიშვნელოვანი შეფასებაა. ამავე დროს, დავჯილდოვდი დუბაი-ში საგზურით.
ასევე, 2025 წელს გავხდი კომპანია N-Pharma-ს ოფიციალური ამბასადორი, რაც ჩემთვის დიდი ნდობა და ახალი პასუხისმგებლობებია.
— არის თუ არა კონკრეტული შემთხვევა, რომელიც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ?
ძალიან ბევრი შემთხვევაა, თუმცა განსაკუთრებით დასამახსოვრებელია ის მომენტები, როდესაც მცირე ესთეტიკურმა ჩარევამ პაციენტში დიდი შინაგანი ცვლილება გამოიწვია – თავდაჯერებულობა, სიმშვიდე და საკუთარი თავის მიღება.
— როგორია თქვენი დამოკიდებულება თანამედროვე სილამაზის სტანდარტების მიმართ?
მე არ ვეთანხმები ერთგვაროვან სილამაზის სტანდარტებს. ჩემი აზრით, სილამაზე ინდივიდუალურია და თითოეულ ადამიანს თავისი უნიკალური ხიბლი აქვს.
— რა სერვისებს სთავაზობს „Beauty Aesthetic“ მომხმარებლებს?
კლინიკა მრავალმხრივ მიმართულებაზე მუშაობს. ძირითადი სერვისებია:
- ესთეტიკური მედიცინის პროცედურები — ფილერები, ბოტოქსი, ბოდი ფილერი
- ლაზერული პროცედურები თანამედროვე აპარატურით
ჩვენი მთავარი მიზანია უსაფრთხო და ბუნებრივი შედეგის მიღწევა.


— როგორ ახერხებთ პროფესიული და პირადი ცხოვრების დაბალანსებას?
სწორად დაგეგმილი დრო და საქმის სიყვარული მაძლევს საშუალებას, შევინარჩუნო ბალანსი და არ დავკარგო ენერგია.
— რა არის მთავარი ღირებულება, რომელიც თქვენს საქმიანობაში უცვლელია? როგორ იმუხტებით მაშინ, როდესაც პროფესიული ყოველდღიურობა ენერგიას გიკარგავთ?
პაციენტის უსაფრთხოება და პროფესიული ეთიკა — ეს არის საფუძველი, რომელსაც არასდროს ვთმობ. ასევე ჩემთვის საუკეთესო განტვირთვა არის მშვიდი დრო საკუთარ თავთან, ოჯახთან და მეგობრებთან. სწორედ ეს მაძლევს ენერგიას, რომ კვლავ ახალი იდეებითა და მოტივაციით დავუბრუნდე საქმეს.
— რა როლს ასრულებს განათლება თქვენს საქმიანობაში?
განათლება ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. კლინიკაში გვაქვს სასწავლო კურსები, სადაც სტუდენტები ეუფლებიან ესთეტიკურ პროცედურებს და კურსის დასრულების შემდეგ იღებენ სერტიფიკატს.
— რა არის წარმატების მთავარი ფორმულა კონკურენტულ გარემოში?
მიზანდასახულობა, პროფესიონალიზმი და მუდმივი განვითარება — ეს არის სამი ძირითადი ფაქტორი, რომელიც წარმატებას განაპირობებს.
⸻
ხათო ჯუმუტია — ექიმი, რომელსაც ესთეტიკური მედიცინა პროფესიონალიზმის, ეთიკისა და ინდივიდუალური სილამაზის ახალ სტანდარტზე აჰყავს.
ავტორი: თიკო შუშანაშვილი
