მთავარიმსოფლიოსაბერძნეთში საქართველოს მოქალაქე აშშ-ის სამხედრო ბაზის შესაძლო ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე აშშ-ის სამხედრო ბაზის შესაძლო ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

საბერძნეთის სამართალდამცველებმა 36 წლის მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე, აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზის შესაძლო ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, დაკავება ათენის აეროპორტში ქვეყნის დაზვერვის სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განხორციელდა. საქმე ეხება კუნძულ კრეტაზე მდებარე სუდას ყურის სტრატეგიულ სამხედრო ობიექტს, რომელიც აშშ-ისთვის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მნიშვნელოვან ჰაბს წარმოადგენს.

Souda Bay-ში განთავსებულია სამხედრო ინფრასტრუქტურა საბერძნეთის, აშშ-ისა და NATO-სთვის. ბოლო პერიოდში ბაზას საწვავითა და მარაგით უზრუნველყოფისთვის სტუმრობდა აშშ-ის ავიამზიდი USS Gerald R. Ford, რომელიც შემდგომ ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით გაემართა.

ბერძნული მხარის ინფორმაციით, ეჭვმიტანილის მობილურ ტელეფონში ნაპოვნია ამერიკული ავიამზიდის ფოტოები. ასევე მიმდინარეობს ციფრული მტკიცებულებების შესწავლა და შესაძლო კავშირების დადგენა ირანში მყოფ პირთან, რომელთანაც, დაზვერვის წყაროს ცნობით, კომუნიკაცია მობილური აპლიკაციის საშუალებით ხორციელდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე გერმანიიდან საბერძნეთში 3 თებერვალს ჩავიდა და გასულ თვეში სუდას ბაზის მიმდებარე სასტუმროში ცხოვრობდა. ამ ეტაპზე მას ოფიციალური განცხადება ბრალდებებთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

ბერძნულმა სამართალდამცველმა ორგანოებმა გამოძიება უკვე დაიწყეს. საქმე აქტიურ ფაზაშია და დამატებითი დეტალები ოფიციალური უწყებების მხრიდან მოგვიანებით გახდება ცნობილი.

პოპულარული სიახლეები