ადვოკატი ირმა ბრელიძე აცხადებს, რომ უერთდება მუხრან ღურწკაიას საარჩევნო გუნდს და წარდგენილია ეთიკის კომისიის წევრობის კანდიდატად. მისი თქმით, მუხრან ღურწკაია გამოირჩევა პროფესიული დამოუკიდებლობითა და ეთიკური სტანდარტებისადმი ერთგულებით.
„მივიღე გადაწყვეტილება შევუერთდე მუხრან ღურწკაიას საარჩევნო გუნდს — წარდგენილი ვარ ეთიკის კომისიის წევრობის კანდიდატად. მივიჩნევ, რომ ბატონ მუხრან ღურწკაიას კანდიდატურა გამოირჩევა უმაღლესი პროფესიული სტანდარტებით, შეუფერხებელი და უშეღავათო პროფესიული საქმიანობით, დამოუკიდებელი კარიერული გზითა და ადვოკატურის ეთიკურ-პროფესიული ღირებულებებისადმი ურყევი ერთგულებით. მისი საქმიანობა ადასტურებს, რომ იგი წლების განმავლობაში ღირსეულად ემსახურებოდა პროფესიას და საკუთარ ძალისხმევაზე დაფუძნებული შრომით მოიპოვა კოლეგებისა და პროფესიული საზოგადოებისთვის ნდობა. მუშაობის მრავალწლიან პერიოდში ბატონ მუხრანს არ განუხორციელებია პროფესიული გზის ავტორიტეტებზე, პირად ან ნეპოტისტურ მხარდაჭერაზე დამყარებული კარიერული გზის ფორმირება. პირიქით — იგი ყოველთვის ეყრდნობოდა მხოლოდ პროფესიონალიზმს, დამოუკიდებელ პოზიციას, კეთილსინდისიერებასა და ღირსეულ ბრძოლას. ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი შრომით მიღწეული გამოცდილება და დამოუკიდებელი პროფესიული გზა ქმნის მის მიერ გაჟღერებულ ერთ-ერთი უმთავრეს საფუძველს — ყველა ადვოკატის თანასწორ და ღირსეულ დამოკიდებულებასთან მიმართებას. მის მიერ წარმოდგენილი პროგრამა ემყარება მხოლოდ ადვოკატთა ინსტიტუტის გაძლიერებას, პროფესიული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფას, კოლეგების ინტერესების დაცვას და პროფესიის კორპორაციული ერთობის განმტკიცებას. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, ვაცხადებ სრულ მხარდაჭერას მუხრან ღურწკაიას კანდიდატურის მიმართ და ვუერთდები მის გუნდს პროფესიის გაძლიერებისა და ადვოკატების კეთილდღეობისთვის ერთობლივი მოქმედების მიზნით.“
-წერს ირმა ბრელიძე.
