BBC-ის ინფორმაციით, თეთრმა სახლმა ნობელის კომიტეტი „პოლიტიკის მშვიდობაზე მაღლა დაყენებაში“ დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც კომიტეტმა წლევანდელი მშვიდობის პრემია ვენესუელელ პროდემოკრატიულ აქტივისტ მარია კორინა მაჩადოს მიანიჭა.
კომიტეტმა პარასკევს გააცხადა, რომ მაჩადო დაჯილდოებულია „ვენესუელას ხალხისთვის დემოკრატიული უფლებების ხელშეწყობისადმი დაუღალავი შრომისთვის“.
მშვიდობის პრემიაზე დიდი მოლოდინი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსაც, რომელიც საკუთარ დამსახურებად ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და სხვა გლობალური კონფლიქტების დასრულებას მიიჩნევს.
„ნობელის კომიტეტმა დაამტკიცა, რომ ისინი პოლიტიკას მშვიდობაზე მაღლა აყენებენ,“ – განაცხადა თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა სტივენ ჩუნგმა. მისი თქმით, ტრამპი „აგრძელებს სამშვიდობო შეთანხმებების ხელშეწყობას, ომების დასრულებასა და სიცოცხლის გადარჩენას“.
ტრამპმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გამოცხადების შემდეგ აღნიშნა: „კურთხეულნი არიან მშვიდობისმყოფელები“, ხოლო თეთრმა სახლმა მას „მშვიდობის პრეზიდენტი“ უწოდა.
მიუხედავად აქტიური ლობირებისა, ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტრამპის შანსები ამჯერად შეზღუდული იყო. ნობელის კომიტეტი მიუთითებს, რომ პრემიას ანიჭებს მათ, ვინც მხარს უჭერს მშვიდობიან მოლაპარაკებებს, ადამიანის უფლებებსა და უკეთ ორგანიზებული სამყაროს შექმნას.
ნობელის მშვიდობის პრემია აქამდე ოთხ ამერიკელ პრეზიდენტს აქვს მიღებული: თეოდორ რუზველტს, ვუდრო უილსონს, ჯიმი კარტერსა და ბარაკ ობამას. მათ შორის, თანამდებობაზე ყოფნის დროს ჯილდო მხოლოდ ობამამ მოიპოვა.
მოამზადა:თიკო შუშანაშვილი
