BBC ავრცელებს ინფორმაციას, რომ ავღანელი ქალები, რომლებიც ონლაინ სწავლასა და მუშაობას ეყრდნობოდნენ, ახლა უკანასკნელ შესაძლებლობასაც კარგავენ — თალიბანმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გათიშა.
ფაჰიმა ნურის (სახელი შეცვლილია უსაფრთხოების მიზნით) დიდი ოცნებები ჰქონდა — მან უნივერსიტეტი დაამთავრა, სამართალი შეისწავლა, მეანობის პროგრამა გაიარა და ფსიქიკური ჯანმრთელობის კლინიკაშიც მუშაობდა.
თუმცა, 2021 წელს, თალიბანის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ქალებს მკაცრად შეეზღუდათ განათლება და დასაქმება: 12 წელზე უფროსი ასაკის გოგონებს სკოლაში სიარულის უფლება ჩამოერთვათ, უნივერსიტეტებიდან კი ქალების მიერ დაწერილი წიგნები ამოიღეს.
„ცოტა ხნის წინ ჩავაბარე ონლაინ უნივერსიტეტში და იმედი მქონდა, რომ სწავლას დავასრულებდი და ონლაინ სამსახურს ვიშოვიდი,“ – უთხრა ფაჰიმამ BBC-ს.
მისივე თქმით, ეს უკანასკნელი შესაძლებლობაც გაქრა, როცა თალიბანმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტი გათიშა. „ჩვენი უკანასკნელი იმედი ონლაინ სწავლება იყო. ახლა ეს ოცნებაც დაინგრა,“ – ამბობს ის.
