BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების „ტაიფუნის“ ტიპის გამანადგურებლები პარასკევის ღამით პოლონეთის თავზე განლაგდნენ. ეს ნაბიჯი ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების მისიის ნაწილია და უკავშირდება რუსეთის მიერ ალიანსის წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცის განმეორებით დარღვევებს.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პოლონეთში განლაგებული მისია მოკავშირე ქვეყნის საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერას ისახავს მიზნად. უწყებაში აღნიშნავენ, რომ გასულ კვირას პოლონეთის თავზე 19 დრონი დაფიქსირდა, რის შემდეგაც მსგავს ინციდენტებს ადგილი ჰქონდა რუმინეთსა და ესტონეთშიც.
რუსეთი ბრალდებებს უარყოფს ან მათ მნიშვნელობას ამცირებს, თუმცა ნატო აცხადებს, რომ მსგავსი ქმედებები რეგიონში დაძაბულობას ზრდის.
„სამეფო საჰაერო ძალების ფრენებმა ნათელი სიგნალი გააგზავნა: ნატოს საჰაერო სივრცე დაცული იქნება,“ – განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ჯონ ჰილიმ.
მოამზადა: თიკო შუშანაშვილი
ფოტო:BBC
