გაეროს ჰუმანიტარული სააგენტოს ცნობით, კვირას, გვიან ღამით, აღმოსავლეთ ავღანეთში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 800-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და თითქმის 3 000 დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, მსხვერპლის უდიდესი ნაწილი კუნარის პროვინციაში დაფიქსირდა. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს, რადგან მიწისძვრამ მთელი სოფლები გაანადგურა.
ეპიცენტრი შორეულ მთიან რეგიონში იყო, რამაც სამაშველო სამუშაოები მნიშვნელოვნად გაართულა. „განადგურების მასშტაბები წარმოუდგენელია,“ – აღნიშნა თალიბანის წარმომადგენელმა.
სტიქია მაშინ მოხდა, როცა ავღანეთი მძიმე გვალვას, საერთაშორისო დახმარების შემცირებას და იმას, რასაც მსოფლიო სასურსათო პროგრამა უპრეცედენტო შიმშილის კრიზისს უწოდებს, ებრძვის.
მოამზადა: თიკო შუშანაშვილი
ფოტო: BBC
