ქართული დოკუმენტური კინოს მნიშვნელოვანი წარმატება – მარიამ ხაჭვანის ფილმმა „კაცების მიწა“ სარაევოს კინოფესტივალზე მთავარი ჯილდო, „სარაევოს გული“, მოიპოვა საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის.

ფილმი სვანეთში, სოფელ უშგულში არსებულ ტრადიციებს ასახავს და მემკვიდრეობის საკითხში ქალებისა და კაცების უთანასწორო დამოკიდებულებას ეხება. მთავარი გმირი სწორედ ამ უთანასწორობას აპროტესტებს.

ფესტივალის გამარჯვებული ავტომატურად წარდგენილი იქნება ოსკარისა და ევროპის კინოაკადემიის ნომინაციებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ „კაცების მიწა“ უკვე ოფიციალურად არის ოსკარის საგზურზე.

ფილმის მსოფლიო პრემიერა შვეიცარიაში, საერთაშორისო ფესტივალზე Visions du Réel შედგა. უკვე 50-ზე მეტი საერთაშორისო ფესტივალია დაინტერესებული.

„კაცების მიწის“ პროდიუსერები არიან თეიმურაზ ჩხვიმიანი, ვლადიმერ კაჭარავა, არჩილ გელოვანი და ლადო მარღანია.