აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი პარასკევს, ალასკაში დაგეგმილ სამიტზე, განსხვავებული პრიორიტეტებით გაემგზავრებიან. შეხვედრის მთავარი თემა უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შესაძლებლობა იქნება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, ვლადიმერ პუტინი კვლავაც მკაფიოდ აფიქსირებს უკრაინის ტერიტორიის დაპყრობის სურვილს, ხოლო დონალდ ტრამპი არ მალავს, რომ სურს გლობალური მშვიდობისმყოფელის როლის შესრულება.
გამოცემის ინფორმაციით, სამიტზე შესაძლოა სხვა საკითხებიც წამოიჭრას. მათ შორისაა პუტინის მცდელობა – მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე დიპლომატიური რეაბილიტაციის მიღწევა. ტრამპის მიზნების განსაზღვრა კი უფრო რთულია, რადგან ცოტა ხნის წინ რუსეთის ლიდერთან დაკავშირებით მერყევი განცხადებები გააკეთა.
BBC წერს, რომ შეხვედრის შედეგები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებენ მხარეები პრიორიტეტების და ინტერესების შეჯერებას, განსაკუთრებით კი – უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე.
მოამზადა: თიკო შუშანაშვილი
ფოტო: BBC წყარო: BBC
