ინტერვიუ ეკა მგალობლიშვილთან – სააგენტო „კატრინის“ 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით.
„ყოველთვის, როცა ვიხსენებ ”კატრინის” 25 წლის ისტორიას, ვგრძნობ, რომ ეს ყველაფერი იყო დიდი მოტივაცია და სიყვარული ჩვენი საქმის მიმართ“, – ამბობს ეკა მგალობლიშვილი, სამოდელო სააგენტო „კატრინის“ დამფუძნებელი და დირექტორი.
– პირველ რიგში, გილოცავთ „კატრინის“ 25 წლის იუბილეს. როგორია თქვენი გზა დღემდე და რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა ამ წლების განმავლობაში?
ეკა: ძალიან დიდი მადლობა. სწორედ ამ განსაკუთრებულ დღეს შეგხვდით, რაც სიმბოლურია ჩემთვის. სამოდელო სააგენტო „კატრინი“ უკვე 25 წლისაა. მისი ისტორია ქუთაისში დაიწყო, სადაც პირველი ორი წელი ვმუშაობდით, შემდეგ კი გადმოვედით თბილისში – უკვე 23 წელია, რაც აქ ვართ. სააგენტო აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ბაზარზე, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში. მაგალითად, ბოლო სამი თვის განმავლობაში, მხოლოდ სამი დღე ვიყავით საქართველოში. მონაწილეობა მივიღეთ მოდის კვირეულებზე მილანში, პარიზში, უზბეკეთში, ტაილანდში, დუბაიში… შემდეგ იყო საერთაშორისო კონკურსები სომხეთსა და ბულგარეთში, ხოლო ყველაფერი დავაგვირგვინეთ კანის კინოფესტივალით – მონაკო, ნიცა… ქალაქები, რომლებიც ჩემი ფავორიტებია. უკვე მეოთხე წელია, რაც წითელ ხალიჩაზე ვიმყოფებით. პირველად საფრანგეთიდან მოწვევა 11 წლის ანასტასიასთან ერთად მივიღეთ. რექს ფერნანდო – მოდის კვირეულის ერთ-ერთი ორგანიზატორი საფრანგეთში – დაგვიკავშირდა. მახსოვს, ანასტასია სამი დღე ზედიზედ გამოდიოდა წითელ ხალიჩაზე და მეოთხე დღეს მითხრა: „დედა, ხომ ვნახეთ ყველა, ახლა წავიდეთ აკვაპარკში!“ (იცინის). დღეს უკვე 15 წლისაა და ამ ყველაფერზე ღიმილით იხსენებს. რაც შეეხება გზას – არც იოლი იყო და არც უკიდურესად რთული. რთული იყო იმიტომ, რომ ამას მთელი გული ჩავდე. მიუხედავად იმისა, რომ ორი დიპლომი მაქვს და არცერთ სფეროში არ მიმუშავია, სწორედ ამ საქმეში ვპოულობ ჩემს თავს. მიყვარს ბავშვები და მოხუცები – უფლის შემდეგ ყველაზე მეტად. მიყვარს ჩემი საქმე ისე, რომ არ ვიღლები. რამდენჯერ სიცხიანი მივსულვარ გადაღებებზე ან მოდის კვირეულებზე, მაგრამ ყოველთვის უნდა იყო ენერგიული, ღიმილიანი და პროფესიონალი. რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა პროექტებში ვმონაწილეობთ და მშობელს არ აქვს შესაძლებლობა შვილთან ერთად წამოვიდეს უცხოეთში. მაშინ მთელი პასუხისმგებლობა მე მეკისრება – ვარ დირექტორი, ჟიურის წევრი, ვიზაჟისტი, სტილისტი, დედაც კი. მიუხედავად ამ დატვირთულობისა, ეს ყველაფერი საოცარ ბედნიერებას მანიჭებს. „კატრინი“ ჩემი ცხოვრების ნაწილია. ღმერთის წყალობითა და ჩემი შრომის შედეგად, დღეს თამამად ვამბობ: სადაც არ უნდა ვიყო – მილანში, პარიზში, დუბაიში – ჩემი სიტყვა ფასობს.
– როგორ შეიცვალა სამოდელო სფერო საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში?
ეკა: სიმართლე გითხრათ – ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და ვამაყობ, რომ ქართველი ქალი ვარ. თუმცა რეალიზაციის შესაძლებლობები საზღვარგარეთ უფრო მეტია. მოდის სფეროში განსაკუთრებით წარმატებულად გვხვდება აზიის ქვეყნები, პარიზი და მილანი – ამაში არავის ეპარება ეჭვი. სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსებიდან თითქმის ყოველთვის გამარჯვებული ვბრუნდები. ხშირად კი თავად ქართველებისგან მესმის დამამცირებელი კომენტარები, რომ „რატომ გაიმარჯვა ქართველმა, იმაზე უკეთესი არავინ იყო?“ – მსგავსი დამოკიდებულება გულს მტკენს. მინდა მივმართო საზოგადოებას: როდესაც ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს საერთაშორისო ღონისძიებაში – იქნება ეს მოდელი, მომღერალი თუ სპორტსმენი – ყველამ გვერდში უნდა დაუდგეს. ყველა კომენტარს უცხოელები კითხულობენ და თარგმნიან. მქონია შემთხვევა, როცა მეგობრებმა სხვა ქვეყნებიდან მკითხეს: „რა გჭირთ ქართველებს, რატომ ებრძვით ერთმანეთს სიტყვებით?“ ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არაა – სიტყვიერი ძალადობაც სერიოზული პრობლემაა. მინდა ვთხოვო ყველას – განსაკუთრებით იმ მცირე ნაწილს, ვინც ასეთი კომენტარების ავტორია – რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, მხარში დავუდგეთ ერთმანეთს და საქართველო გავიტანოთ მსოფლიოს წინაშე ღირსეულად.
– რა არის მთავარი მახასიათებელი, რაც „კატრინს“ სხვა სააგენტოებისგან განასხვავებს?
ეკა: პირველ რიგში, ჩვენ არ ვაფორმებთ კონტრაქტებს, სადაც ჯარიმებია გათვალისწინებული, თუ მოდელი სხვა სააგენტოში გადავა. მე არ მინდა დაბმული მოდელი – მას თვითონ უნდა უნდოდეს ჩვენთან ყოფნა. „კატრინი“ არის ოჯახი. აქ ყველა თითოეულისთვისაა და თითოეული – ყველასთვის. სუფევს სიყვარული და სითბო. მინდა იცოდეს ყველამ – სადაც ჩემს შვილს არ მივაღებინებ მონაწილეობას, არცერთ ჩემს მოდელს არ მივაღებინებ მონაწილეობას. ჩემი შვილივით ვუყურებ თითოეულ კატრინელს და ასე ვმუშაობ დღემდე.
– როგორ წარმოგიდგენიათ „კატრინის“ მომავალი 5 ან 10 წლის შემდეგ?
ეკა: ჩემი შვილის – ანასტასიას – განვითარებას რომ დავაკვირდე, რომელიც ორი წლიდანვე აქტიურადაა ჩართული მოდის სამყაროში და მას უკვე იცნობენ ევროპასა და აზიაში, ვფიქრობ, შესაძლოა მომავალი წლები რომელიმე უცხო ქვეყანაში გავატარო მასთან ერთად. ანასტასიას სურს, რომ იურისტი გახდეს და სწავლა საზღვარგარეთ გააგრძელოს. მიუხედავად ამისა, „კატრინი“ ყოველთვის დარჩება საქართველოში – პლუს, ვგეგმავთ გაფართოებას სხვა ქვეყნებშიც. ⸻
– რას ნიშნავს თქვენთვის „კატრინი“? სიყვარულია, ბიზნესი თუ პასუხისმგებლობა?
ეკა: ყველაფერი ერთად. მე აღარ ვარ 15-16 წლის გოგო, რომელსაც მხოლოდ სცენაზე დგომა ახარებს. ჩემთვის ეს საქმე ღრმა ემოციური და სოციალური დატვირთვითაც არის სავსე. თუ ბავშვი სოციალურად დაუცველია, და მე ვიცი, რომ ღირსეულად წარადგენს ქვეყანას, ის არ გადაიხდის იმ გადასახადს, რაც გადასახდელია. ჩემი პრიორიტეტი ბავშვის წარმატებაა და არა მოგება.
– რას უსურვებდით მომავალ თაობას, ვინც ახლა იწყებს ნაბიჯებს მოდის სამყაროში?
ეკა: პირველ რიგში – განათლება. როგორი ლამაზიც არ უნდა ვიყოთ გარეგნულად, გონებრივი სიბრწყინე შეუცვლელია. აუცილებლად უნდა იცოდნენ უცხო ენა – განსაკუთრებით ინგლისური. მშობლებს ვურჩევ, ყურადღებით შეარჩიონ სააგენტოები – მათი შედეგებითა და რეპუტაციით. მაგრამ აღსანიშნავია, რომ თანამედროვე თაობა დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს – მათ ვეღარაფერს მოახვევ თავს. ამიტომაც თავად სააგენტოებმა უნდა დაამტკიცონ, რომ ნდობას იმსახურებენ. პირადად მე მიყვარს ახალი სახეების აღმოჩენა და მათი პოპულარიზაცია – საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.
– დიდი მადლობა, ეკა, გულწრფელი და შთამაგონებელი ინტერვიუსთვის. გისურვებთ დიდ წარმატებებს!
ეკა მგალობლიშვილი: მადლობა თქვენ. წარმატებები ყველას, ვინც სიყვარულით აკეთებს საკუთარ საქმეს – ეს არის მთავარი გასაღები.
ავტორი: თიკო შუშანაშვილი
“NEWSPLUS.GE”
