მთავარისაზოგადოებაროგორ ჩამოვხსნათ ნიღაბი თამბაქოს ინდუსტრიას?

როგორ ჩამოვხსნათ ნიღაბი თამბაქოს ინდუსტრიას?

თამბაქოს მოხმარების შედეგად გამოწვეული ფატალური შემთხვევების შემცირება მოწევის შეწყვეტით ან ზიანის შემცირების სტრატეგიის მეშვეობით არის შესაძლებელი.

მიუხედავად იმისა, რომ სიგარეტი მომაკვდინებელია, მწეველები ყველგან არიან. მთელ მსოფლიოში სულ მცირე 1 200 000 000 ადამიანი მწეველია, იუწყება ჯანმო. ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს ზრდასრულების თითქმის ერთი მესამედი თამბაქოს მომხმარებელია.

თამბაქოს ინდუსტრიის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო მის ხელთ არსებულ ძლიერ იარაღში – მისი ნაწარმის კარგად რეკლამირებაშია. ინდუსტრიამ კარგად იცის, რომ კარგი რეკლამა წინ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია ინდუსტრიულ ბაზარზე დამკვიდრებისთვის. იმისათვის, რომ მიიზიდოს და არ დაკარგოს მომხმარებელი, სპეციალისტთა უამრავი ჯგუფი მუშაობს რეკლამის თითოეულ დეტალზე. მათ კარგად იციან, როგორ მიიპყრონ ჩვენი ყურადღება, შთაგვაგონონ რომ სრულყოფილება მისაწვდომია და ამ პროდუქტის მეშვეობით თავს უკეთ ვიგრძნობთ, უფრო მიმზიდველები გავხდებით, ირგვლივ მყოფებს მეტად მოვეწონებით, წარმატებას მივაღწევთ, მეტი მეგობარი გვეყოლება და ბოლოს, ვიცხოვრებთ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. შესაბამისად, იქმნება სტერეოტიპები თამბაქოს მოხმარების კავშირზე მომხიბვლელობასთან, ლამაზ აღნაგობასა და თავისუფლებასთან. ამასთან, ხშირად გვხვდება სოციალურ ქსელში ცნობილი ადამიანების მიერ გაკეთებული, „ლამაზად“ შეფუთული ვიდეო-რგოლები, სადაც ე.წ. სელებრითები მოგვიწოდებენ თუ რამდენად კარგი, გემრიელი არომატით შეჯერებული და უვნებელი ელექტრონული სიგარეტი. ამგვარ რეკლამებში თამბაქოს კომპანიები ყოველწლიურად 5 მილიარდ დოლარზე მეტს ხარჯავენ. ხოლო მსგავსი მიზანმიმართული კამპანიების შედეგად ყოველწლიურად დაახლოებით 6 მილიონი ადამიანი კვდება.

მართალია, თამბაქოს ინდუსტრია დღემდე ირწმუნება, რომ მათი მარკეტინგული კამპანიების მიზანი მხოლოდ უკვე ჩამოყალიბებულ მწეველებზე ზეგავლენის მოხდენაა (არსებულ ბრენდებს შორის არჩევანის გასაკეთებლად მათ სასარგებლოდ), მაგრამ რეალობა სხვაგვარია. კვლევებმა აჩვენა, რომ ყოველწლიურად 1 მილიონი მწეველი ანებებს თავს  სიგარეტს და ნახევარი მილიონი მოზრდილი მწეველი იღუპება თამბაქოსთან დაკავშირებული მდგომარეობების გამო. ეს კი, თამბაქოს კომპანიებისთვის დიდი ფინანსური დანაკარგია. რატომ არ იცილებს ამდენი ადამიანი ჩვევას, რომელიც მომაკვდინებელია? თუკი მწეველი ხარ, როგორ შეგიძლია თავი დაანებო მოწევას?

რატომ ღირს სიგარეტზე უარის თქმა?

ვისაც სურს, დიდხანს და ბედნიერად იცხოვროს, არ უნდა ეწეოდეს. შესაძლებლობა იმისა, რომ დიდი ხნის მწეველს, საბოლოო ჯამში, თამბაქო მოკლავს, ორიდან ერთია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა: „სიგარეტი… მარჯვედ შექმნილი პროდუქტია, რომელიც მწეველს მისადმი მოთხოვნილების განსავითარებლად საჭირო რაოდენობის ნიკოტინს აწვდის, უვითარებს ჩვევას, რომლისგანაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ვერ თავისუფლდება და ბოლოს სიკვდილამდე მიჰყავს“.

მაშასადამე, ერთი მიზეზი, რის გამოც ღირს სიგარეტზე უარის თქმა, არის ის, რომ თამბაქო ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს. კოლოგარდა ამისა, მოწევა არ ხდის ადამიანს უფრო მიმზიდველს. რეკლამა მწეველებს მომხიბლავ და ჯანმრთელ ადამიანებად წარმოგვიდგენს. სინამდვილე კი სულ სხვაგვარია. მოწევა ამონასუნთქს ცუდ სუნს, კბილებსა და თითებს მოყვითალო-მოყავისფრო ფერს სძენს; მამაკაცებში იმპოტენციას უწყობს ხელს და მწეველისთვის ხველებისა და ქოშინის მიზეზი ხდება. მწეველებში უფრო მეტად არის მოსალოდნელი სახეზე ნაადრევი ნაოჭებისა და კანის სხვა პრობლემების გაჩენა.

როგორ მოქმედებს სხვებზე მოწევა

მოწევა სხვებსაც აყენებს ზიანს. უკანასკნელ დრომდე მწეველს თითქმის ყველგან შეეძლო სიგარეტის მოკიდება და აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ შეიძლებოდა ვინმე შეწინააღმდეგებოდა. მაგრამ ამ საკითხისადმი დამოკიდებულება იცვლება, ვინაიდან ბევრს ესმის სხვების მიერ მოწეული სიგარეტის კვამლის შესუნთქვის საშიშროება. მაგალითად, მწეველზე დაქორწინებულ არამწეველში ფილტვის კიბოს განვითარების საშიშროება 30 პროცენტით უფრო მეტია, ვიდრე მასში, ვისი მეუღლეც არ ეწევა. მწეველ მშობლებთან მცხოვრებ ბავშვებში უფრო მოსალოდნელია ფილტვების ანთების ან ბრონქიტის განვითარება სიცოცხლის პირველი ორი წლის განმავლობაში, ვიდრე იმ ბავშვებში, რომლებიც ისეთ ოჯახში ცხოვრობენ, სადაც არავინ ეწევა.

ორსული ქალები, რომლებიც ეწევიან, თავიანთი ჯერარშობილი ბავშვების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ. ნიკოტინი, ნახშირბადის მონოქსიდი და სიგარეტში შემავალი სხვა მავნე ქიმიური ნივთიერებები დედის სისხლში იჭრება და საშვილოსნოში მყოფ ნაყოფსაც წამლავს. ამის შედეგად კი მუცლის მოშლის, მკვდარი ბავშვის დაბადებისა და ახალშობილების სიკვდილიანობის ალბათობა უფრო იზრდება. გარდა ამისა, ჩვილ ბავშვთა უეცარი გარდაცვალების სინდრომი სამჯერ უფრო მეტია იმ ბავშვებს შორის, რომელთა დედებიც ორსულობის დროს ეწეოდნენ.

ძვირი ჯდება

თამბაქოს მოწევაზე უარის თქმის სხვა მიზეზი არის სიძვირე. მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული -კვლევის საფუძველზე ვარაუდობენ, რომ უშუალოდ მოწევით გამოწვეული დაავადებების განკურნების ღირებულება ყოველწლიურად თითქმის 200 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რასაკვირველია, ეს ციფრი არ გამოხატავს მათი ტანჯვისა და ტკივილის ფასს, ვისი დაავადებების მიზეზიც თამბაქოა.

ცალკეული მწეველის მიერ სიგარეტზე დახარჯული თანხის გაანგარიშება ადვილია. თუკი ეწევით, ის თანხა, რომელსაც სიგარეტზე ერთ დღეში ხარჯავთ, 365-ზე გაამრავლეთ. ეს გიჩვენებთ, რამდენ ფულს ხარჯავთ წელიწადში. გაამრავლეთ ეს რიცხვი ათზე და დაინახავთ, რამდენი დაგიჯდებათ სიგარეტი, თუკი შემდეგი ათი წლის მანძილზე მოსწევთ. შედეგმა შეიძლება გაგაოცოთ. იფიქრეთ, რა შეგეძლოთ გაგეკეთებინათ ამ თანხით.

უვნებელი ალტერნატივაა?

თამბაქოს ინდუსტრია რეკლამას უკეთებს ფისისა და ნიკოტინის დაბალი შემცველობის სიგარეტებს და მათ სხვა ნაწარმზე წინ აყენებს, როგორც მსუბუქსა და რბილს და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნის შემცირების საშუალებას. მაგრამ მათ, ვინც ფისისა და ნიკოტინის დაბალი შემცველობის სიგარეტებს ირჩევს, კვლავ აქვთ ნიკოტინის ადრინდელი დოზის მიღების სურვილი. ამის  შედეგად, მწეველები, რომლებიც ასეთ სიგარეტზე გადადიან, ჩვეულებრივ უფრო მეტი სიგარეტის მოწევით იკმაყოფილებენ ამ სურვილს. ისინი ხშირ-ხშირად და ხარბად ეწევიან. ისინიც კი, ვინც ზომიერად ეწევა ამგვარ სიგარეტს, ბევრს ვერაფერს რგებენ თავიანთ ჯანმრთელობას იმასთან შედარებით, რა სარგებლობაც მოწევისთვის ერთხელ და სამუდამოდ თავის დანებებას მოაქვს.

რა შეიძლება ითქვას ჩიბუხებსა და სიგარებზე? მიუხედავად იმისა, რომ თამბაქოს მრეწველობა ხელს უწყობს ჩიბუხებისა და სიგარების, როგორც საზოგადოებრივი პრესტიჟის სიმბოლოს გავრცელებას, მათ მიერ გამოყოფილი კვამლი ისევე მომაკვდინებელია, როგორც სიგარეტისა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მწეველები არ შეისუნთქავენ სიგარისა თუ ჩიბუხის კვამლს, ისინი ტუჩის, პირის ღრუსა და ენის კიბოს განვითარების მზარდი საშიშროების წინაშე დგანან.

არის თუ არა უკვამლო თამბაქო უვნებელი? მისი ორი სხვადასხვა სახეობა არსებობს: საყნოსი და საღეჭი თამბაქო. საყნოსი თამბაქო დაფხვნილია, ჩვეულებრივ, თუნუქის ქილებში ან პარკებში იყიდება. ხშირად მომხმარებლები მას პირში — ტუჩის ან ლოყის ძირში იდებენ. საღეჭი თამბაქო გრძელ ძაფებზეა ასხმული და, ჩვეულებრივ, პარკებში იყიდება. საყნოსი თუ საღეჭი თამბაქო ხდება პირში ცუდი სუნის, კბილებზე ნადების გაჩენის, პირის ღრუსა და ხახის კიბოს, ნიკოტინისადმი მიდრეკილების, პირში თეთრი წყლულების გაჩენის, რომლებიც შეიძლება სიმსივნეში გადაიზარდოს, პაროდონტოზისა და ოსტეოპოროზის მიზეზი. აშკარაა, რომ თამბაქოს ყნოსვა თუ ღეჭვა არ წარმოადგენს მოწევის ბრძნულ ალტერნატივას.

ჩვენ გარშემო უკვე ბევრი ვეიპერია – ასე უწოდებენ მეორენაირად ელექტრო სიგარეტების მომხმარებლებს. ბევრს მიაჩნია, რომ ელექტრონული სიგარეტი მავნებელი არ არის და რაც მთავარია, მისი დახმარებით მოწევისთვის თავის დანებება შეიძლება, თუმცა ეს მოსაზრება ტყუილია! ელექტრონული სიგარეტის მოწევით გამოწვეული ეფექტის შესწავლა კარგა ხანია დაიწყეს. კვლევების მნიშვნელოვანი ნაწილი ნაკლებად სანდოა იმის გამო, რომ ისინი ვეიპინგის მოწყობილობების მწარმოებლებმა დაუკვეთეს. გასულ წელს, პროფ. გლანცის მიერ გაანალიზებული მეტა ანალიზების შედეგად, დადგინდა, რომ ყველა ის დაავადება, რასაც თამბაქოს ნაწარმი იწვევს, ასევე იწვევს ელექტორნული სოგარეტები/ვეიპები.

არსებობს სითხეები ელექტრონული სიგარეტებისთვის, რომლებიც მწარმოებლების თქმით, ნიკოტინს არ შეიცავს. მაგრამ ხშირად, მწარმოებლები – უბრალოდ იმიტომ, რომ მათ ამისთვის არავინ დასჯის – მყიდველებს ატყუებენ და აღმოჩნდება ხოლმე, რომ სინამდვილეში მათში ნიკოტინი ან სინთეზური სახითაა ან გამოყენებულია ნიკოტინის ანალოგები. ასევე საჭიროა იმის ცოდნაც, რომ ნიკოტინი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს ზრდის, რადგან კარდიო-ტოქსიკურია. მავნეა თამბაქოს კვამლში არსებული ქიმიური ნივთიერებები: ნახშირბადის ჟანგი, ამიაკი, ასევე უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ტვინზე, თრომბის განვითარების ალბათობას 2-4-ჯერ ზრდის, უარყოფითად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემაზე. ხელს უწყობს ათეროსკლეროზის განვითარებას, აზიანებს სისხლძარღვებს და ზრდის არტერიულ წნევას. შესაბამისად, ზრდის გულის კორონალური დაავადებისა და ინფარქტის განვითარების რისკებს. ნაციონალური კიბოს ინსტიტუტის კვლევის თანამხად, თამბაქოს კვამლი შეიცავს 7000 ქიმიურ ნივთიერებას რომელთაგან მინიმუმ 69 კიბოს გამომწვევ მიზეზად სახელდება. 

თავის დანებებით მიღებული სარგებლობა

დავუშვათ, დიდი ხნის მწეველი ხართ. რა მოგივათ, თუკი მოწევას თავს დაანებებთ? უკანასკნელი სიგარეტის ღერის მოწევიდან 20 წუთში სისხლის წნევა დაგირეგულირდებათ. ერთი კვირის შემდეგ ორგანიზმი ნიკოტინისგან გაგითავისუფლდებათ. ერთ თვეში ხველა შეგისუსტდებათ, ცხვირით თავისუფლად ისუნთქებთ, დაღლილობა და ქოშინიც მოგეხსნებათ და სუნთქვა დაგირეგულირდებათ. ხუთი წლის შემდეგ ფილტვის კიბოთი სიკვდილის საფრთხე 50 პროცენტით შეგიმცირდებათ. 15 წელიწადში გულის კორონარული დაავადების საშიშროება იმდენად შეგიმცირდებათ, რამდენადაც იმ ადამიანს, რომელიც არასოდეს ეწეოდა.

უფრო მადიანად შეჭამთ საჭმელს; თქვენს ამონასუნთქს, სხეულსა და ტანისამოსს უფრო სასიამოვნო სუნი ექნება; აღარ შეგაწუხებთ თამბაქოს ყიდვისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების პრობლემა; გაგიჩნდებათ საკუთარი თავისადმი რწმენა; თუ ბავშვების პატრონი ხართ, თქვენი მაგალითი მათი მწეველებად გახდომის ალბათობას შეამცირებს. მოსალოდნელია, რომ უფრო დიდხანს იცოცხლებთ.

    სიგარეტზე უარის თქმა არც ისე ძნელია

სიგარეტის გადაგდება არცთუ ძნელია — თუ რაღაც პერიოდი მცირეოდენ ძალისხმევას გამოიყენებ. სიგარეტზე თავის დანებების გარკვეული პრობლემები (ზოგიერთი ყოველგვარი პრობლემის გარეშე შორდება ამ დამოკიდებულებას) იმიტომ ხდება, რომ თამბაქოში არსებული ნიკოტინი ნარკოტიკია, რომელიც ძლიერ მიჩვევას იწვევს. „ფსიქოტროპულ ნარკოტიკთა შორის ნიკოტინი ჰეროინსა [და] კოკაინის შემდგომ მოდის თავისი მიჯაჭვულობის დონით, რომელიც მისი მიღების მოთხოვნილებას აძლიერებს“, აცხადებს ჯანმო.

ჰეროინისა და კოკაინისგან განსხვავებით, ნიკოტინი არ წარმოქმნის ექსტაზის აშკარა ნიშნებს, ასე რომ ძნელია მისი ძალის სათანადოდ შეფასება.  დაავადებათა კლასიფიკაციის მე-10 გადახედვაში, ნიკოტინი აღიარებულ იქნა, როგორც ფსიქიკური და ნერვული აშლილობების გამომწვევი ნივთიერება. შესაბამისად, ილუზია და მითია ის გავრცელებული აზრი თითქოს ნიკოტინი ამშვიდებს.

მოწევისთვის თავის დანებება გარკვეულ სიძნელესთან არის დაკავშირებული, რადგან მასზე ქცევითი დამოკიდებულებაც ყალიბდება.  სიგარეტის ხშირ მომხმარებელს სიგარეტის მოკიდებისა და გაბოლების მექანიკური ჩვევა უვითარდებათ. შეიძლება ვინმემ თქვას: „ხელში რაღაც უნდა მეჭიროს“, „ამით ვკლავ დროს“.

მესამე ფაქტორი, რის გამოც შეიძლება თამბაქოზე უარის თქმა გაძნელდეს, არის მისი მოხმარების არსებობა, სხვადასხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ან სამუშაო ადგილზე. საქართველოში მაქიმალურად შეიზღუდა მოწევა ასეთ ადგილებში და მწეველებისათვის კარგი გარემო შეიქმნა ამ დამოკიდებულებაზე უარის თქმისათვის.  

2024 წლის განმავლობაში საქართველოს ბიუჯეტში თამბაქოს აქციზიდან მიღებული თანხა რეკორდული ტემპით, 21%-ით გაიზარდა და 1.24 მილიარდ ლარს მიაღწია. წინა წელთან შედარებით აღნიშნული თანხა 215 მილიონი ლარით მეტია.

თამბაქოს აქციზიდან საბიუჯეტო შემოსავალი წელს კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რადგანაც 2024 წლის დეკემბერში ქართული ოცნების დეპუტატების ინიციატივით თამბაქოზე აქციზი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა, კერძოდ სიგარეტზე აქციზური მარკის საფასურმა 1.7 ლარიდან 1.9 ლარამდე მოიმატა, ხოლო გასახურებელი თამბაქოს ნაწარმზე განაკვეთი 1.7 ლარიდან 1.85 ლარამდე გაიზარდა.

აქციზური განაკვეთი ორი კომპონენტისგან შედგება, ესენია უშუალოდ აქციზური მარკა, რაც ფიქსირებულია და წელს 1.9 ლარს შეადგენს, ასევე აქციზის ნაწილია ცვლადი, ე.წ. ადვალური” აქციზი, რომელიც საბოლოო სარეალიზაციო ფასზე არის მიბმული. მაგალითად თუკი კონკრეტული პროდუქტი 7 ლარი ღირს, მისი ადვალური განაკვეთი ფასის 30% ანუ 2.1 ლარია. შესაბამისად ფიქსირებული აქციზისა და ადვალური განაკვეთის ჯამი 4 ლარი გამოდის. ანუ 7 ლარის ღირებულების კონკრეტულ პროდუქტში მხოლოდ ამ ორი გადასახადის წილი არის 4 ლარი. ამას ემატება დღგ-ც, რაც საბოლოო სარეალიზაციო ფასის 18% ანუ 1.08 ლარია. შესაბამისად, ფიქსირებული და ადვალური აქციზის, ასევე დღგ-ის მოცულობა 7 ლარის ღირებულების სიგარეტის ფასში 5.08 ლარს შეადგენს.

კინოფილმებსა და სატელევიზიო გადაცემებში მწეველებს არ გვაცნობენ უარყოფით ადამიანებად. თამბაქოს გაყიდვა კანონიერად დაშვებულია და მისი ყიდვა, პრაქტიკულად, ყველგან შეიძლება. თუმცა უკვე 7 წელია, თამბაქოს ყველა სახის ნაწარმის (მ.შ. ელ. სიგარეტებისა და გასახურებელი თამბაქოს) რეკლამისა და პოპულარიზაციის ყველა ფორმა აკრძალულია. იშვიათად ნახავთ სიგარეტს ღიად გამოდებულს. უკვე 2025 წლის 1 აპრილიდან სიგარეტის ყველა კოლოფი სადა ანუ სტანდარტიზებული შეფუთვით უნდა გაიყიდოს.

სამწუხაროდ, არ არსებობს აბი, რომლის მიღებაც გაგიქრობდათ მოწევის სურვილს, როგორც, მაგალითად, ასპირინს შეუძლია თავის ტკივილის გაყუჩება. მოწევის მიტოვების სირთულის დასაძლევად, ადამიანმა თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუმცა თუ თავად ვერ ახერხებს ამას, შეუძლია დაუკავშირდეს ცხელი ხააზის ნომერს 116001, ან გადმოტვირთოს მობილური აპლიკაცია “თავს ვანებებ”. ისევე როგორც წონის დაკლება, ესეც გარკვეულ დროს და მცირე ძალისხმევას მაინც მოითხოვს. დაუძლეველი არაა თამბაქოს ან სხვა პროდუქტებზე დამოკიდებულება. დღესვე შეგიძლიათ გადადგათ კონკრეტული ნაბიჯები და წარმატებასაც მალე მიაღწევთ.

პოპულარული სიახლეები