მთავარისაზოგადოებასაქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს

კომერციული ბანკების მიერ კანონმდებლობის, მათ შორის, მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის დაწესებული ფულადი ჯარიმის შესაძლო მაქსიმალური ოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი განმარტებით, ცვლილების მიხედვით, მაქსიმალური ჯარიმის ოდენობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 0.1%-იდან გაიზარდა 1%-მდე (ანუ რიგ შემთხვევებში ათმაგდება).

„არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრა დარღვევის სერიოზულობის, ან/და კომერციული ბანკის აქტივებისათვის მიყენებული ზარალისა ან/და შესაძლო საფრთხიდან გამომდინარე მოხდება.

ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტების მიერ კანონმდებლობის, მათ შორის, მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის შესაბამისი საზედამხედველო ზომების და სანქციის-ფულადი ჯარიმის გამოყენება მსოფლიოს განვითარებულ და წამყვან ქვეყნებში დამკვიდრებულ და აპრობირებულ საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება. ამავე პრაქტიკის მიხედვით, მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამა თუ იმ დარღვევისთვის განსაზღვრული ფულადი ჯარიმა უნდა იყოს ეფექტური, პროპორციული და ჰქონდეს პრევენციული ეფექტი.

აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ფულადი ჯარიმა განისაზღვროს როგორც დარღვევის, ისე საზედამხედველო სუბიექტის ზომის და განვითარების დონის პროპორციულად. საქართველოს საბანკო სექტორი კი საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც დასტურდება შესაბამისი მაჩვენებლებით. აღნიშნულისა და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს საბანკო სექტორი საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც დასტურდება შესაბამისი მაჩვენებლებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ცალკეული დარღვევებისათვის მარეგულირებელი ჩარჩოთი გათვალისწინებული ფულადი ჯარიმების შესაძლო მაქსიმალური ოდენობის გაზრდა.

აღსანიშნავია, რომ როგორც ევროკავშირის, ისე მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების, მათ შორის, გაერთიანებული სამეფოს, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრაქტიკისა და გამოყენებული ფულადი ჯარიმების საშუალო ოდენობის ანალიზი ცხადყოფს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ფულადი ჯარიმების როგორც ფიქსირებული, ისე შესაძლო მაქსიმალური ოდენობა სხვა ქვეყნებთან შედარებით, ნაკლებია,“ – აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოპულარული სიახლეები