მთავარირეგიონისამაშველო სამუშაოებში 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, ყველა შესაბამისი დანაყოფი...

სამაშველო სამუშაოებში 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, ყველა შესაბამისი დანაყოფი საგანგებო რეჟიმში მუშაობს – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობასთან დაკავშირებით, მესამე დღეა, საგანგებო რეჟიმში მუშაობს, – განცხადებას ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამაშველო სამუშაოებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 600-მდე მეხანძრე-მაშველი და ათეულობით სპეციალური ტექნიკაა ჩართული, მათ შორის, თოვლის ბურანები.

„მეხანძრე-მაშველებმა ამ დროისთვის ურთულეს რელიეფურ პირობებში ათეულობით ადამიანს გაუწიეს დახმარება და აჭარისა და გურიის სხვადასხვა სოფლიდან უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს მოხუცები, ბავშვები და ის პირები, რომლებიც სამედიცინო დახმარებას საჭიროებდნენ. ასევე, უსაფრთხო ადგილას გამოიყვანეს თოვლსა და ნამქერში ჩარჩენილი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დიდთოვლობისა და ამინდის გაუარესების გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შემოსულ შეტყობინებებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ეტაპობრივად ახორციელებენ რეაგირებას. საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ავტომანქანებისა და მგზავრთა უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, სხვადასხვა უწყების შესაბამის სამსახურთან ერთად, მობილიზებული არიან როგორც ცენტრალურ მაგისტრალებზე, ასევე შიდა სახელმწიფოებრივ გზებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა შესაბამისი დანაყოფი აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას სხვა შესაბამის უწყებასთან ერთად“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოპულარული სიახლეები