ცოტა ხნის წინ, ალეკო ელისაშვილი დუშეთის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას გამოკვლევები ჩაუტარდება.
ადვოკატის ცნობით, ელისაშვილს დაკავების შედეგად დაზიანებები აღენიშნება. მსგავსი ინფორმაცია გაავრცელა დღეს სახალხო დამცველმაც.
ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა.ე.-მ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.