ქართველი ექიმი, მეცნიერი გულიკო ჩაფიძე 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის ახლობლები ადასტურებენ.
გულიკო ჩაფიძე 1930 წლის 4 ნოემბერს დაიბადა. 1955 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.
1954–1958 წლებში იყო ბორჯომის ლიკანის სანატორიუმის ექიმი-ორდინატორი. 1958–1961 წლებში მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი. 1962-1963 წლებში საქართველოს ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1963-1975 წლებში ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1962-1964 წლებში კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ მუშაკი. 1965-1994 წლებში — თერაპიის ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების ხელმძღვანელი. 1989 წლიდან იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი. 1997 წელს გადაუდებელ კარდიოლოგიის ცენტრს მიენიჭა აკად. გ. ჩაფიძის სახელი (პატენტირებული); 1994-2014 წლებში აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორი. 2011 წლიდან ამავე ცენტრის გენერალური დირექტორი. ავტორია 4 მონოგრაფიის და 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის.
გულიკო ჩაფიძეს სხვადასხვა წლებში მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. მათ შორის, ღირსების ორდენები, საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – „წმინდა გიორგის ოქროს ორდენი“, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი, 2017 წელს კი მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქეობა.