ლაზარემ მითხრა, რომ იძაბება, როცა ხედავს ბევრს ხალხს,- ასე განმარტა მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დედამ, თამთა კალანდაძემ ის მიზეზი, რის გამოც მისი ბრალდებული შვილი დღეს პროცესზე ვერ გამოცხადდა, რის გამოც პროცესი 8 აპრილამდე გადაიდო.
როგორც თამთა კალანდაძემ სხდომის გადადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ახლა, ოჯახი 8 აპრილს დაელოდება, რა დროსაც განაჩენი უნდა გამოცხადდეს.
„ლაზარემ მითხრა, რომ იძაბება, როცა ხედავს ბევრს ხალხს. როდესაც თავისი აზრის დაფიქსირება უნდა, გონება ეფანტება და ამიტომ გადაწყვიტა და მე მგონი, ჰქონდა უფლება, რომ ონლაინ ჩართულიყო, მაგრამ ჩვენმა მოსამართლემ გადაწყვიტა ისე, როგორც გადაწყვიტა. ახლა, დაველოდებით 8 აპრილს. საქმის გაჭიანურება ემსახურება იმას, რომ გვანახონ, „ჩვენ, თქვენზე მაღლა ვდგავართ, ჩვენ როგორც ვიტყვით, ისე იქნება”. განაცხადა თამთა კალანდაძემ.
რაც შეეხება მოლოდინებს, ბრალდებულის დედა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, ოჯახი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალებისთვის მიმართავს.