დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანმა იმშობიარა. გოგოს გაუპატიურების ბრალდებით პოლიციამ მოზარდის მამა დააკავა, – ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 17 წლის მოზარდმა ნაადრევად იმშობიარა და ნაყოფი დაიღუპა. მან კლინიკა 5 თებერვალს დატოვა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
„რადიო თავისუფლებას“ თანასოფლელი უყვება, რომ მას შემდეგ, რაც მოზარდმა იმშობიარა, თქვა, რომ მასზე სექსუალურად მამამ იძალადა: „ბავშვი საავადმყოფოში გამოკითხეს. იქ მოყვა, რომ მას ორი წლის განმავლობაში აუპატიურებდა მამა. სადმე თუ იტყვი, ყველას დავხოცავო, ემუქრებოდა ბავშვს“.
გამოცემას შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ, რომ ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ბრალდებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით დაიწყო.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, 4 თებერვალს კაცს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. უცნობია, აღიარებს თუ არა კაცი მის მიმართ წაყენებულ ბრალს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კაცს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის.