შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გასულ წელს, სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, ქვეყანაში 5 594 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, მათგან ყველაზე მეტი ფაქტი დედაქალაქში დაფიქსირდა.
უწყების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, 442 ადამიანი დაიღუპა, 7 310 კი – დაშავდა.
ავტოკატასტროფის შემთხვევების სავარაუდო მიზეზებად კი სიჩქარის გადაჭარბება, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვა, შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლა, ან გასწრების წესების დარღვევა, ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, დისტანციის დაუცველობა და სხვა სახის საგზაო მოძრაობის წესის დარღვევა სახელდება.
შსს-ს სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ყველაზე მეტი – 1 855 შემთხვევა მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით მოხდა, რა დროსაც 104 ადამიანი დაიღუპა, 2 898 კი დაშავდა.
ამასთან, ამავე პერიოდში, ქვეით მოსიარულეზე შეჯახების 1 638 ფაქტი აღირიცხა, რის შედეგადაც 95 ადამიანი დაიღუპა, 1 665 კი დაშავდა.