წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს, – ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობის დატოვების თაობაზე განცხადების გაკეთებისას აღნიშნა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა.
„ამ პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, პოლიტსაბჭოდან მივიღე შეთავაზება, დავიკავო პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. ამასთან დაკავშირებით ყრილობა გაიმართება პირველ თებერვალს. არ დაგიმალავთ, პოლიტსაბჭოზე განვიხილეთ შესაძლებლობაც, თანამდებობაზე ზაფხულში, საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, მაგრამ ვარჩიე, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს. ჩემთვის კი დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, გავაგრძელო პარტიაში, აქტიური მონაწილეობა მივიღო საარჩევნო პროცესში და, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.
პრემიერ-მინისტრად მუშაობისას გაწეული უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელობასა და წევრებს, სამინისტროების ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ყველა საჯარო მოხელეს. მინდა, თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს. იმედია, ახლა მექნება შესაძლებლობა, მეტი დრო დავუთმო ოჯახს. მშვიდობას, კეთილდღეობას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.