საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანის ფაქტზე დაკავებულ იქნა უცხო ქვეყნის მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საბაჟო გამშვები პუნქტის, „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 1 237 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება შეადგენს 128 159 ლარს.
„საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.