თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე არსებული შუა ზოლის რეაბილიტაციას იწყებს.
მისივე თქმით, აღნიშნული ბულვარი, რომლის ფართობიც 2 ჰექტარია, ამჟამად სრულად გასაახლებელია.
„რეაბილიტაციის ფარგლებში ტერიტორიაზე მოეწყობა გარე განათების სისტემა, საფეხმავლო ბილიკი, ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, განთავსება საპარკე ავეჯი. გარდა ამისა, ჩატარდება გამწვანებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება, ტერიტორიაზე შევა ნოყიერი მიწის ნაზავი, მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაიგვება სხვადასხვა სახეობის ნერგი და დაითესება ბალახი.
გარდა ამისა, განვახორციელებთ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, სიძველისა და გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო დაზიანებული ძეგლებისა და მემორიალური ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაციას. მათ შორის ერთ-ერთი პირველი 1962 წელს განთავსებული „სამასი არაგველის მემორიალი“ იქნება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით 4 მლნ ლარს შეადგენს“, – განაცხადა კალაძემ.