მთავარისაზოგადოებასასამართლო დარბაზიდან პირდაპირ მამის საფლავზე ავედი" - რას ჰყვება ბიჭი, რომელიც ნაფიცმა...

სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ მამის საფლავზე ავედი” – რას ჰყვება ბიჭი, რომელიც ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს

მამის მკვლელობაში ბრალდებული, კახა კობახიძე, რომელსაც უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა, თორმეტივე ნაფიცმა მსაჯულმა უდანაშაულოდ ცნო.

მკვლელობა 11 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მოხდა.

კახა „გაზეთ კვირის პალიტრას“ უყვება, რომ გარეთ გამოსვლას დიდ სიხარულთან ერთად, დიდი ტკივილიც ახლდა. 

„მადლობელი ვარ ყველასი, ვინც სიმართლე არ დამიკარგა. ჩემი ადვოკატის, ზურაბ როსტიაშვილის დიდი იმედი მქონდა. პირველად რომ შემოვიდა ციხეში ჩემთან და ვესაუბრე, მივხვდი, რომ ის ჩემთვის­ ყველაფერს გააკეთებდა. გულწრფელი ვიყავი მასთან და მისი ყოველი შემოსვლა ციხეში, დიდი ნუგეშის და იმედის მომცემი იყო. მჯეროდა, რომ სიმართლეს მხოლოდ ნაფიც მსაჯულებს დავუმტკიცებდი და ამიტომაც ავირჩიე. მოსამართლის იმედი არ მქონია, დიდი შანსი იყო, პროკურატურისთვის დაეჭირა მხარი. იმ დღემდე, სანამ ეს განაჩენი არ გამოიტანეს, მართლა არ მეგონა, რომ ქვეყანაში სამართალი არსებობდა. სწორედ იმ დღეს დავიჯერე, რომ სამართალი არსებობს და ეს შეძლეს იმ პატიოსანმა უბრალო ადამიანებმა.

ძალიან განვიცდი იმას, რაც მოხდა. რა თქმა უნდა, დიდი სიხარული იყო, გარეთ რომ გამოვედი, მაგრამ ამ დიდ სიხარულს დიდი ტკივილი ახლავს. მაინც დაღუპული ვარ, ამ ამბის შემდეგ ვერ ვხედავ ცხოვრების­ მიზანს. ჩემი გული მკვდარია. თუმცა ძალი­ან მეშინოდა, როცა წარმოვიდგენდი­ სასჯელს. სულ მცირე, 16-წლიანი პატიმ­რობა მელოდა, 16 წელი პატარა დრო არ არის ადამიანისთვის. 21 წლის ბიჭს 16 წელს რომ მოგცემენ, იქ დამთავრდება­ ყველაფე­რი­. საბოლოოდ დაესმებოდა წერტილი­ ჩემს ცხოვრებას­. არადა, ამ ტრაგედიამდე სულ სხვა ცხოვრებაზე ვოცნებობდი. სულ სხვა გეგმები­ მქონდა­. შეყვარებული­ ვიყავი,­ ოჯა­ხის შექმნაზე, ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრ­ობდი. არ ვიცი ამას როგორ­ გადავლახავ. ამბობენ, დრო მკურნალიაო, ამას დაველოდები, მაგრამ ეს ტკივილი, ალბათ, მთელი ცხოვრება გამყვება.

12-ვე მსაჯულმა გაგამართლაო, მერე გავიგე, როცა ჩემს ადვოკატს ველაპარაკე. მან მითხრა, ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებააო­. ამ სიტყვების მერე ვიჯექი გარინდული, თავჩაღუნული, არ გავნძრეულვარ, სანამ არ გამიღეს კარი, ხელი არ მომკიდეს და არ გამიყვანეს. იმ მომენტში ვერც გავიაზრე, რა და როგორ მოხდა, მაგრამ ახლა გეტყვით – ფაქტობრივად, ახლიდან დავიბადე. თუ მომისჯიდნენ, ალბათ, შევიშლებოდი, ჩემი ფსიქიკა ვერ გაუძლებდა ამდენწლიან სასჯელს. სულიერად ისე დავეცემოდი, ალბათ, ვეღარ დავდგებოდი ფეხზე.

რომ გამომიშვეს, პირველი, რაც მინდოდა, დედას ჩახუტება იყო, მინდოდა არ გამეშვა მისთვის ხელი. მართლაც ასე მოვიქეცი.

სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ მამის საფლავზე წავედი. ყველაზე მძიმე დღე იყო ჩემთვის. არაფერი მახსოვს, ისე ცუდად ვიყავი. სიმწრით ვიკოტრიალე საფლავზე. ველაპარაკებოდი მამას, პატიებაც ვთხოვე… მას შემდეგ დღე არ გავა, არ მივიდე”, – განუცხადა “კვირის პალიტრას”  კახა კობახიძემ.

პოპულარული სიახლეები