ჩეხეთის მთავრობამ პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე სროლის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 23 დეკემბერი ეროვნული გლოვის დღედ გამოაცხადა.
ამის შესახებ რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც მიუსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს და მეგობრებს. 23 დეკემბერი სახელმწიფო გლოვის დღე იქნება. 12:00 საათზე (თბილისის დროით 15:00 – რედ.) ვთხოვთ ყველა მოქალაქეს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგოს დაღუპულებს“, – განაცხადა პრემიერმა.
რესპუბლიკის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა, რომელმაც გააუქმა თავისი სამუშაო პროგრამა საგანგებო მინისტრთა კაბინეტის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, განაცხადა, რომ სროლა უნივერსიტეტში იყო “ყველაზე ტრაგიკული ინციდენტი ჩეხეთის რესპუბლიკის ისტორიაში”.
აღსანიშნავია, რომ პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტის ფილოსოფიურ ფაკულტეტზე სროლის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის თავდამსხმელი, 24 კი დაშავდა.