სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკა ცნობილია. რუსეთის მიმართ სანქციებს ჩვენ არ ვუერთდებით. ამ გადაწყვეტილებამ მოგვიტანა ის, რომ საქართველო არ დადგა ომის რისკის ქვეშ და მიიღო კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „მაგნიტსკის სიის” გახანგრძლივების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მხარდამჭერთა სიაში საქართველო არაა.
„კიდევ ერთხელ, სანქციებთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკა ცნობილია. რუსეთის მიმართ სანქციებს ჩვენ არ ვუერთდებით. ამ გადაწყვეტილებამ მოგვიტანა ის, რომ საქართველო არ დადგა ომის რისკის ქვეშ, ეკონომიკური კოლაფსის რისკის ქვეშ და მიიღო კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა შალა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროპულმა საბჭომ „მაგნიტსკის სიის“ 2026 წლის 8 დეკემბრამდე გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი.
მისი ინფორმაციით, საბჭოს ამ გადაწყვეტილებას უერთდებიან ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები: ჩრდილოეთ მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, უკრაინა, მოლდოვას რესპუბლიკა და ბოსნია და ჰერცეგოვინა. აღსანიშნავია, რომ ჩამონათვალში საქართველო არ არის.