ქალბატონი სალომე ხალხთან კი არ იყო, ხალხში იყო. ხალხში ის ნამდვილად იყო, მაგრამ ხალხთან ის არ არის, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც ღვთისა და ერის წინაშე დადებული ფიცი დაარღვია , – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ რატომ არ მიეცა სალომე ზურაბიშვილს 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სალომე ზურაბიშვილმა ხალხის მიღმა საკუთარი თავი დააყენა, მას შემდეგ, რაც საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.
„საუბარი იყო, თითქოს სალომე ზურაბიშვილი იყო ხალხთან და ხელისუფლება არ იყო. სინამდვილეში, ხალხთან იყო საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ხალხს მოუტანა კანდიდატის სტატუსი, ხოლო ქალბატონი სალომე ხალხთან კი არ იყო, ხალხში იყო. ხალხში ის ნამდვილად იყო, მაგრამ ხალხთან ის არ არის, განსაკუთრებით მას შემდეგ, როდესაც ღვთისა და ერის წინაშე დადებული ფიცი დაარღვია, რაც დადასტურებულია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. როდესაც ადამიანი არღვევს მის მიერ დადებულ ფიცს, არღვევს კონსტიტუციას, განზრახ და უხეშად, თავისთავად ამით აყენებს თავის თავს ხალხის მიღმა. ამიტომ ქალბატონმა სალომემ თავადვე ჩაიყენა თავი ამ მდგომარეობაში იმით, რომ დაარღვია კონსტიტუცია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.