უდავო ხდება, რომ სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადება. მას თავისი როლი ექნება „ნაცმოძრაობის“ კლასტერში. მოდაშია ფსევდოშუაშისტური როლი და ისიც მოდის ამ ტენდენციებს მიჰყვება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა თავად დაადასტურა ის, რაც მასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„რამდენიმე დღის წინ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, დიდი შანსია, სალომე ზურაბიშვილი არჩევნებამდე გადადგეს და არჩევნებში მონაწილეობა მიიღოსო. გახსოვთ, როგორი რეაქციები იყო? ვერ მოითმინა და რამდენიმე დღეში თავადაც დაადასტურა ის, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა და რისთვისაც გააკრიტიკეს. როცა „ნაცმოძრაობის“ ნავში გადაჯდები, გიწევს თქმა, რომ თუ ქვეყანა კურსიდან გადაუხვევს, არჩევნებში ჩავერთვებიო. მესიჯებში აირია, რადგან აქამდე სალომე ზურაბიშვილი ამბობდა, რომ ადგილი ჰქონდა კურსიდან გადახვევას. ახლა ამბობს, თუ გადაუხვიესო. თუ „ქართულ ოცნებას“ კურსიდან გადახვეული აქვს, მაშინ დღესვე უნდა გადადგეს და პოლიტიკაში ჩაერთოს, ახლა ამბობს, თუ გადაუხვიესო. მისი აზრით, ჯერ დასავლურ კურსზე ვდგავართ და თუ გადავუხვიეთ, შემდეგ ჩაერთვება არჩევნებში. ამ აბსურდში არიან. პრაქტიკულად, უდავო ხდება, რომ სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის არჩევნებისთვის ემზადება. მას თავისი როლი ექნება „ნაცმოძრაობის“ კლასტერში. მოდაშია ფსევდოშუაშისტური როლი და ისიც მოდის ამ ტენდენციებს მიჰყვება. ის ამ ტრენდში ზის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებში მონაწილეობა არ გამორიცხა ამის შესახებ განცხადება სალომე ზურაბიშვილმა „რადიო თავისუფლების“ პრაღის ბიუროსთან ინტერვიუში გააკეთა.