ისრაელის მედიის ცნობით, ათასობით ადამიანი შეიკრიბა თელ ავივის ხელოვნების მუზეუმთან, რომელიც ახლა ცნობილია, როგორც ტყვეების მოედანი, რათა მხარდაჭერა გამოხატონ „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ მძევლად აყვანილი 242 ადამიანის ოჯახების მიმართ.
„ჩვენ გვესმის ამ შეკრების მნიშვნელობა, რადგან ხვალ „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის 30-ე დღეა“, – განაცხადა თელ ავივის მერმა, რონ ჰულდაიმ მიტინგის დაწყებისას.
ჰულდაიმ აღნიშნა, რომ 4 ნოემბერი არის ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იცხაკ რაბინის მკვლელობის თარიღი. მისივე თქმით, იცხაკ რაბინმა იცოდა რთული გადაწყვეტილებების მიღება. ჰულდაის განცხადებით, ახლა ნეთანიაჰუმ უნდა გააკეთოს ეს და უზრუნველყოს ყველა მძევლის დაბრუნება.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ – „მოიყვანე ისინი სახლში ახლავე”.
აქციის ერთ-ერთი მონაწილე რამოს ალონი, რომლის ქალიშვილები – დანიელი და შერონი, მცირეწლოვან შვილებთან და შერონის ქმართან ერთად არიან ტყვეობაში, ამბობს, რომ ისრაელი ჰუმანიტარული დახმარებისა და ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნებს უნდა დაეთანხმოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, „თუ ეს ორმხრივია“.